„როიტერი“ - ჩინეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსული „შავი ოქროს“ შესყიდვის შესახებ ახალი კონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებენ
ჩინეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსული „შავი ოქროს“ შესყიდვის შესახებ ახალი კონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ჩინური ქარხნები რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის თაობაზე გაფორმებულ ყველა ძველ კონტრაქტს ასრულებენ, თუმცა ახალ გარიგებებს თავს არიდებენ.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც რუსული ნავთობი ამჟამად ფასდაკლებით იყიდება.
როგორც სააგენტოს ექვსმა ანონიმურმა წყარომ განუცხადა, საუბარია აზიის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სინოპეკზე“, ასევე „პეტროჩინასა“ და „სინოჩემზე“.
„როიტერის“ ცნობით, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებს არ სურთ, მოსკოვის ღია მხარდამჭერებად აღიქმებოდნენ, იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონმა უარი თქვა რუსული „შავი ოქროს“ შესყიდვაზე, ხოლო ევროკავშირმა შეზღუდვები დაუწესა რუსულ კომპანიებს – „როსნეფტსა“და „გაზპრომნეფტს“.
ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია. პეკინი დღეში 1,6 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ყიდულობს რუსეთიდან.