„როიტერი“ -  ჩინეთის დისკრედიტაციის მიზნით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს პენტაგონმა ფარული ანტივაქსერული კამპანია აწარმოა
„როიტერი“ - ჩინეთის დისკრედიტაციის მიზნით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს პენტაგონმა ფარული ანტივაქსერული კამპანია აწარმოა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს პენტაგონმა, ჩინეთის დისკრედიტაციის მიზნით, ფარული ანტივაქსერული კამპანია აწარმოა.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს კამპანია დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო და ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდშიც გრძელდებოდა. ფარული კამპანიის შესახებ მანამდე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

„როიტერის“ ცნობით, აღნიშნული ანტივაქსერული კამპანიის ერთ-ერთი სამიზნე იყო ფილიპინები, სადაც ჩინეთის გავლენა მზარდი იყო. კამპანია მიზნად ისახავდა ჩინეთის მიერ მიწოდებული ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ეჭვის დათესვას ყალბი ონლაინანგარიშების მეშვეობით, რომლებიც თავს ფილიპინელებად წარმოაჩენდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტები იყო ისეთი შინაარის, რომ გმობდა პირბადეების ხარისხს, ტესტირების ვარგისიანობას და პირველ ვაქცინას, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ფილიპინებზე – ჩინურ „სინოვაკს“. სააგენტო „როიტერმა“, სულ მცირე, 300 ანგარიში გამოააშკარავა სოციალურ ქსელ X-ში, რომელიც აგებული იყო სლოგანზე #Chinaangvirus .

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მცდელობები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფარგლებს გარეთ გავრცელდა, ხოლო 2021 წელს დასრულდა. „როიტერის“ ცნობით, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ადგილობრივ აუდიტორიაზე პროპაგანდისტული კამპანიის მორგებით, პენტაგონმა ყალბი სოციალური მედიის ანგარიშების კომბინაცია გამოიყენა მრავალ პლატფორმაზე, რათა გაევრცელებინა ჩინური ვაქცინების შიში მუსლიმებს შორის, იმ დროს, როცა ვირუსით ათიათასობით ადამიანი იღუპებოდა.

როგორც „როიტერი“ იტყობინება, ტრამპისა და ბაიდენის პრესსპიკერებმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს.