„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთისა და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ჩინეთი არ დაესწრება შვეიცარიაში ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
უწყებაში განმარტეს, რომ კონფერენცია არ აკმაყოფილებს ჩინეთის მოლოდინებს, რაც გულისხმობს შეხვედრაში ორივე მხარის – რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობას.
„ჩინეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას მხარს უნდა უჭერდეს ორივე – რუსეთიც და უკრაინაც, ყველა მხარის თანასწორი მონაწილეობით და რომ ყველა სამშვიდობო შეთავაზება უნდა იყოს განხილული სამართლიანად და თანასწორად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება, კონფერენციამ მშვიდობის აღდგენაში არსებითი როლი შეასრულოს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაონ ნინმა.
ჩინეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ პეკინში, უკრაინის საელჩოში.
„ვწუხვართ, რომ ჩინურმა მხარემ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რათა წარმოედგინა თავისი პოზიცია შვეიცარიაში სამიტის პლატფორმაზე“, – განუცხადეს „როიტერს“ საელჩოში.
შვეიცარიაში სამშვიდობო კონფერენცია დაგეგმილია 15-16 ივნისს. მოსკოვი სამიტზე მიწვეული არ არის. რუსეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე კონფერენცია აზრს მოკლებულია.