„როიტერი“ - ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დაგეგმილი გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგია
ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დაგეგმილი გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, აღნიშნული გამოძიების ჩატარების ინიციატივით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოვიდა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, გამოძიების მეორე ფაზაში იგეგმებოდა ლაბორატორიების აუდიტი და ქალაქ უხანში სასურსათო ბაზრების კვლევა. თუმცა, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ ჩინეთი ასეთ გეგმას ვერ დათანხმდება, რადგან ეს გამოძიება „საღ აზრს ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერებას“.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის დადგენის მიზნით ჩატარებული გამოძიების პირველმა ფაზამ ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ვერ დაადასტურა. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა პანდემიის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ წარადგინა.