„როიტერი“ - აშშ-სა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული ცხელი ხაზი ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს
აშშ-სა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული ცხელი ხაზი ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, ერთადერთი სატელეფონო კავშირი აშშ-ის ინიციატივით შედგა, რათა ეცნობებინა მისი შეშფოთების შესახებ, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიახლოვეს რუსული სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
როგორც მედია წერს, ანონიმურ წყაროს დეტალებზე აღარ უსაუბრია და ცნობილი არ არის, ეს უკავშირდება ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებას თუ კახოვკის დამბის შესაძლო აფეთქებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ვარაუდებს.
ამავდროულად, მედიის ცნობით, წყარო აღნიშნავს, რომ ეს კონტაქტი არ უკავშირდებოდა 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტებს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.