„როიტერი” - აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, ჩინეთი მოსკოვს იარაღის წარმოების გაძლიერებაში ეხმარება
ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას უკრაინაში იმით, რომ მოსკოვს იარაღის წარმოების გაძლიერებაში ეხმარება, – ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
როგორც „როიტერი” წერს, აშშ-ის ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ჩინეთი ეხმარება რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების წარმოების გაზრდაში.
მათივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას წამოჭრა და აღნიშნა, რომ ეს არის ევროპასა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოკავშირეებთან განხილვის თემა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩინური მასალები ავსებს კრიტიკულ ხარვეზებს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაში და ეხმარება მოსკოვს, განახორციელოს „საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული სამხედრო სფეროს ყველაზე ამბიციური გაფართოება უფრო სწრაფ ვადებში, ვიდრე ამ კონფლიქტის დასაწყისში გვეგონა“.
„უკრაინის მხარდასაჭერად ყველაზე ძლიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, ამ დროისთვის გადავდგათ, არის ის, რომ დავარწმუნოთ ჩინეთი, შეწყვიტოს რუსეთის დახმარება სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აღდგენაში. რუსეთი იბრძვის თავისი საომარი ძალისხმევის შესანარჩუნებლად ჩინეთის მონაწილეობის გარეშე“, – აღნიშნა ანონიმურმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ჩინეთმა რუსეთს მიაწოდა დრონების ძრავები და ტურბორეაქტიული ძრავები რაკეტებისთვის და რომ ჩინეთი და რუსული ორგანიზაციები მუშაობენ რუსეთში დრონების ერთობლივ წარმოებაზე.
მათივე თქმით, ჩინური კომპანიები, სავარაუდოდ, აწვდიან რუსეთს ნიტროცელულოზას რაკეტების საწვავის დასამზადებლად, რაც ეხმარება რუსეთს, სწრაფად გააფართოოს თავისი შესაძლებლობები ისეთი საკვანძო საბრძოლო მასალის წარმოებაში, როგორიცაა საარტილერიო იარაღი.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ჩინეთი ეხმარება რუსეთს, გააუმჯობესოს კოსმოსური შესაძლებლობები უკრაინაში გამოსაყენებლად, რაც, მათივე შეფასებით, ზრდის რუსეთის მხრიდან საფრთხეს მთელ ევროპაში.