როგორ მუშაობს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა — #1tvმეცნიერება
როგორ მუშაობს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა — #1tvმეცნიერება

სეტყვა ატმოსფერული ნალექია, რომელიც ყინულის კრისტალებისგან შედგება.

უმეტესად ელჭექს მოსდევს და თბილი ამინდების დროს გვევლინება, მაშინ, როცა ტემპერატურა 20 °C-ს აღემატება. სეტყვის მარცვლები ძირითადად 5-10 მმ-ია, თუმცა 1986 წელს ბანგლადეშში, სტიქიასა და თანმდევ სეტყვას 92 ადამიანის სიცოცხლე შეეწია. იმდროინდელი ცნობები მიუთითებენ, რომ სეტყვის ზოგიერთი ბურთის მასა 1000 გრამს აჭარბებდა.

მსოფლიოში ყველაზე სეტყვასაშიშ ზონად ჩინეთი და ინდოეთი მიიჩნევა, ასევე აშშ-ის დასავლეთ ნაწილი. 1988 წელს ინდოეთში, მორადაბადის რაიონში, ქარიშხლისა და სეტყვის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა.

სეტყვა აზიანებს შენობებს, კულტურულ ძეგლებს, ავტომანქანებს, საქალაქო ინფრასტრუქტურას, გამოუსწორებელ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობის კულტურებს.

ამ პრობლემის გადასაჭრელად სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

სეტყვას ვენახის გადასარჩენად პირველად იტალიაში, 90-იან წლებში დაუპირისპირდნენ. სპეციალური სეტყვის საწინააღმდეგო მანქანა ცაში ქვემეხებს ისროდა. 1998 წელს იტალიის მთავრობამ მოკვლევა ჩაატარა და დაასკვნეს, რომ პრიმიტიული მოწყობილობა ზარალს ვერ ამცირებდა.

აშშ-ში სეტყვა ყველაზე ხშირად კოლორადოსა და ტეხასის შტატში მოდის, გამოწვეული ზარალი კი 10 მილიარდ დოლარზე მეტია.

ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დამცავ ბარიერად კომპანია SPAG-ის მიერ შექმნილი სისტემა ითვლება. იგი 100%-ით ეკოგადამუშავებადია და დაცვის 88-90%-იანი გარანტია აქვს. „სფაგის“ სისტემას აშშ, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყენებს.

Spag Anti-hail protection system-ის ენერგიის ძირითადი წყარო მზის სხივებია, სპეციალური თუნუქის მილის გამოყენებით თბილი ჰაერი 500 მეტრის რადიუსზე ადის და ყინულის კრისტალებს წვიმად შლის.

საქართველოში გაზაფხულიდან ზაფხულამდე მოსალოდნელი უხვი ნალექის სეზონზე განსაკუთრებით კახეთის რეგიონი ზიანდება.

კახელი ფერმერებისთვის სტიქია და სეტყვით გამოწვეული ზარალი წლების განმავლობაში გარდაუვალ ბუნებრივ მოვლენად ითვლებოდა. თუმცა, 2015 წლიდან სეტყვა გარდაუვალი სტიქია კახელი გლეხისთვის აღარ უნდა ყოფილიყო.

განადგურებული მოსავლისა და ძვირი სუბსიდირების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე 2012 წლიდან მუშაობს. 2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა – „დელტამ“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში დაამონტაჟა. რაკეტები პირველად მაისის თვეში გაისროლეს.

სისტემის შექმნის უმთავრესი მიზანი კახეთის რეგიონში 600 000 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვაა. გეგმის თანახმად, სისტემა მწყობრში 2015 წლის მაისში ჩადგა. პირველი სროლები 28 მაისიდან დაიყო. სსსტც „დელტას“ მონაცემებით, სისტემას 600 000 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვაა 85-95%-ით შეუძლია.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ერთიანი კომპლექსია, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. სისტემის მთავარი კომპონენტი ცენტრალური სარადარო სადგურია, რომელიც სიღნაღში მდებარეობს. სიღნაღშივეა განთავსებული ინფორმაციის დამუშავებისა ცეცხლის მართვის ცენტრი. 85 ერთეული საცეცხლე სარაკეტო დანადგარი კი კახეთის რვავე მუნიციპალიტეტშია განაწილებული.

როგორ მუშაობს სისტემა

უპირველესად, ცენტრალური სადგური აღმოაჩენს სეტყვასაშიშ ღრუბელს. მიღებული ინფორმაცია გადაეცემა ცეცხლის მართვის ცენტრს, შემდეგ კი მუშაობას იწყებენ საცეცხლე რაკეტები. სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარში 26 ან 56 რაკეტაა მოთავსებული.

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა 60მმ-იანი უმართავი რეაქტიული რაკეტაა, რომელიც ვერცხლის იოდს შეიცავს. რაკეტის გამშვები მოწყობილობები სპეციალურ, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარეობს, იგი მზის ენერგიით იმუხტება. ქიმიური რეაგენტები მუშაობის პროცესში ჰაერში იფანტება და სეტყვასაშიშ ღრუბელზე ზემოქმედებს. შედეგად, ნალექების მასა წვიმად ან უწვრილეს კრისტალებად გარდაიქმნება.

ამ პროცესის შემდეგ, სეტყვის მარცვლები ზომაში მცირდება ან წვიმად გადაიქცევა.

საინტერესოა, რომ სეტყვისთან ბრძოლის ისტორია საქართველოში 60-იან წლებში, პრიმიტიული მეთოდებით დაიწყო. მაშინდელი სისტემა- „ალაზანი“ მოსავალს იოდისშემცველი ნივთიერებებით ქიმიურად აბინძურებდა, „დელტას“ სისტემა კი ამ მხრივ სრულად უსაფრთხოა.

მცდარია, მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაკეტების ამოქმედების შემდეგ სეტყვასაშიში ღრუბლები კახეთიდან ქართლისკენ „იდევნებიან“. „დელტას“ სისტემის მუშაობის პრინციპი ექვემდებარება არა ღრუბლების განდევნას, არამედ კრისტალების დასუსტებას ან წყლის წვეთებამდე დაშლას.

„დელტას“ ინფორმაციით, რაკეტის ფრენის პარამეტრები დაახლოებით 6,5-7 კმ-ია სიშორეზე და ამდენივე – სიმაღლეში. თითოეულ რაკეტაში განთავსებულია 400 გ ვერცხლის იოდიდი, რომლის გამოფრქვევა სტარტიდან მე-7 წმ-ზე იწყება. სტარტიდან 41-ე წმ-ზე კი რაკეტა ავტომატურად ნადგურდება.

სეტყვის ღრუბელში მოხვედრილი რაკეტიდან გაფანტული ვერცხლის იოდიდის ნაწილაკები თავის გარშემო ახდენს წყლის კონცენტრირებას, რითაც ხელს უშლის სეტყვის მსხვილი მარცვლების ჩამოყალიბებას, შედეგად ღრუბელი „იცლება“ წვიმის სახით, ან ხოშკაკლად იმ შემთხვევაში, თუკი ღრუბელში დიდი, 20-30 მმ დიამეტრის სეტყვის მარცვლები ყალიბდება.

შესაბამისად, კახეთში გასროლილმა რაკეტამ გორელ ფერმერს ვაშლის ბაღი რომ დაუსეტყვოს, ტექნიკური და გეოგრაფიული მონაცემებით, გამორიცხულია.

რადიოლოკაციური სადგურის მონაცემები საკმარისია, რათა კახეთის რეგიონი სრულად გაკონტროლდეს. თუმცა, არსებობს ღრუბლები, რომლებიც სეტყვად 12-15 წთ-ში ყალბდებიან. სწორედ ასეთი ღრუბლის დაშლა ქმნის პრობლემას, რადგან მონაცემები ყოველ 3 წუთში ახლდება, ხოლო მისი აღქმა სისტემას მინიმუმ 5 წუთში შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ რაკეტა მაქსიმუმ 10-12 კმ-ზე იწყებს მოქმედებას, ცენტრალურ სადგურში ერიდებიან მის გაშვებას, მაშინ როცა სეტყვის წარმოქმნის პროცესი თვითმფრინავის მოძრაობას ემთხვევა.

ასე რომ, „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ახლებური ვარიანტი უსაფრთხოა, არ აზარალებს სხვა რეგიონებს და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად ამცირებს სეტყვისგან მიღებულ ზარალს.

ავტორი — ქრისტინა კვაჭანტირაძე