როგორ გადაყლაპა ერთმა ვარსკვლავმა მეორე — უმძლავრესი ტელესკოპის თვალწარმტაცი კადრები
ორი ვარსკვლავის ერთმანეთთან დრამატულმა შეხვედრამ ამ უკანასკნელთა ნარჩენები კოსმოსში სანახაობრივად მიმოფანტა — დიახ, ფოტოზე სწორედ ამ მოვლენას ხედავთ.
ყველაფერი კი ასე მოხდა: წითელ გიგანტად გაფართოებულმა მომაკვდავმა ვარსკვლავმა მეორე, ნაკლები მასის მქონე ვარსკვლავი შთანთქა. ამ უკანასკნელმა წითელი გიგანტის შიდა მიმართულებით სპირალური სვლა დაიწყო, რა დროსაც ნაადრევად შემოაცალა გარე ფენები და შეაჩერა მისი ევოლუცია.
შედეგი? გაზის კომპლექსური ღრუბელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უბნევდა თავგზას ასტრონომებს. თუმცა ამჯერად, ატაკამის დიდი მილიმეტრული/სუბმილიმეტრული ტელესკოპის (ALMA) გამოყენებით, ვარსკვლავურ სისტემა HD 101584-ის საიდუმლოს ფარდა აეხადა.
დაახლოებით მზის მასის მქონე ვარსკვლავთა ევოლუციური გზა ასტრონომთათვის კარგად არის ცნობილი. როდესაც ისინი ბირთვში არსებულ მთელ წყალბადს ჰელიუმად გარდაქმნიან, იქ ბირთვული სინთეზი წყდება და ბირთვი შეკუმშვას იწყებს. შედეგად, ბირთვის გარშემო, უშუალოდ მიმდებარე რეგიონში თავს იყრის წყალბადი და წარმოიქმნება წყალბადის გარსი; ამის შემდეგ, სინთეზი კვლავ ახლდება და ბირთვში დამატებით ჰელიუმს გზავნის. ამ პროცესს წყალბადის გარსის წვა ეწოდება.
ამ დროს ვარსკვლავის გარე ფენები ძლიერ ფართოვდება. როცა ეს პროცესი მაგალითად მზის შემთხვევაში მოხდება, ჩვენი ვარსკვლავი მარსის ორბიტამდე გაფართოვდება. ეს გახლავთ ვარსკვლავური ევოლუციის წითელ გიგანტთა შტო.
როცა წყალბადის მთელი მარაგის სინთეზი დასრულდება, ვარსკვლავი ჰელიუმის სინთეზს იწყებს. და როდესაც ბირთვში არსებული მთელი ჰელიუმი ჟანგბადად და ნახშირბადად გარდაიქმნება, ის კვლავ იკუმშება, ვარსკვლავი კი კვლავ გაფართოებას იწყებს. ეს გახლავთ ასიმპტომურ გიგანტთა შტო.
1995 წლის კვლევა HD 101584-ს აღწერდა როგორც „გამორჩეულ სუპერგიგანტს“ და ასკვნიდა, რომ ვარსკვლავი ასიმპტომური გიგანტის შტოს შემდგომ ეტაპზე იმყოფებოდა. თუმცა, როგორც ახლა ALMA-ს დაკვირვებები მიუთითებს, ვარსკვლავის ევოლუცია წითელი გიგანტის შტოზე შეწყდა, შემდეგ კი სრულიად დაიშალა.
შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომ ჰანს ოლოფსონის განცხადებით, ვარსკვლავური სისტემა HD 101584 გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ „სიკვდილის პროცესი“ ნაადრევად და დრამატულად შეჩერდა, რადგან ამ გიგანტმა ახლომდებარე დაბალმასიანი კომპანიონი ვარსკვლავი გადაყლაპა.
ჯგუფმა ამ მოვლენის რეკონსტრუქცია მოახდინა და ნათელი გახდა, რომ ის საკმაოდ სასტიკი უნდა ყოფილიყო.
მომაკვდავი ვარსკვლავი წითელი გიგანტის ეტაპზე იმყოფებოდა და მიმდებარე სივრცეში ფართოვდებოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ მიმდებარე სივრცეში მდებარეობდა მისი კომპანიონი პატარა ვარსკვლავი. როდესაც წითელი გიგანტის გარსმა ეს პატარა ვარსკვლავი შთანთქა, ეს უკანასკნელი სპირალური სვლით წითელი გიგანტის ბირთვისკენ დაიძრა, მაგრამ შეჯახება ვეღარ მოასწრო.
ამ პროცესმა წითელი გიგანტი სრულიად გამოიყვანა ფორმიდან, შეიძლება ითქვას, რომ „გააცოფა“. ამოიფრქვა ნაადრევად, ფეთქებადად მოიცილა გარე ფენები, რაც ახლაც გრძელდება და მიმდინარეობს ბირთვის მოშიშვლების პროცესი. ყველაფერი ნამდვილ სასაკლაოს ჰგავდა — პროცესის შედეგად დარჩა ვარსკვლავის შიგნეულობისგან წარმოქმნილი კაშკაშა ნისლეულის კომპლექსი, რომელსაც საოცარი კვალი დაამჩნია პატარა ვარსკვლავის სპირალურმა, სასიკვდილო სვლამ.
ასტრონომებმა ასევე მიაგნეს წითელი გიგანტის პოლუსებიდან ამოტყორცნილ ორ ჭავლს. ამ ნაკადებმა უკვე ამოტყორცნილ გაზსა და მტვერში წარმოქმნა გაზის სარტყლები, რასაც ფოტოზეც ხედავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სცენარი საკმაოდ უჩვეულოა, ის მაინც შეიძლება დაეხმაროს ასტრონომებს ერთმანეთთან დააკავშირონ ვარსკვლავთა ევოლუციური ეტაპების ორი წერტილი.
შვედეთის უპსალას უნივერსიტეტის ასტრონომ სოფია რამშტედტის განცხადებით, ამჟამად ასტრონომებისთვის ცნობილია, რომ მზის მსგავს ვარსკვლავთათვის სიკვდილის პროცესი ერთნაირია, მაგრამ ბოლომდე უცნობია, რატომ ან ზუსტად როგორ ხდება ის.
HD101584 კი მათ მნიშვნელოვან გასაღებს აძლევს ამ გამოცანის ამოსახსნელად, რადგან ის ამჟამად მოკლე გარდამავალ ფაზაში იმყოფება უკეთესად შესწავლილ ევოლუციურ ეტაპებს შორის.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.