როგორ გადანაწილდა ხმები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე კენჭისყრის დროს
როგორ გადანაწილდა ხმები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე კენჭისყრის დროს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ , ასამბლეის 79-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, ხმა 15-მა მისცა. კენჭისყრაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა 57-მა წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად რეზოლუცია კენჭისყრაზე, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გაერო-ს კიდევ 45 წევრის ინიციატივით წარდგა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპის ყველა ქვეყანამ, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა.

დოკუმენტმა ჩრდილოეთ ამერიკის სამი უდიდესი ქვეყნის – კანადის, აშშ-სა და მექსიკის მხარდაჭერაც აქვს. რეზოლუციას მიემხრო ცენტრალური ამერიკის შვიდი ქვეყნიდან ხუთი.

იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც კენჭისყრას არ ესწრებოდნენ, აფრიკის სახელმწიფოები ჭარბობენ.

სამხრეთ ამერიკის კონტინენტური ნაწილის 12 ქვეყნიდან მხარდაჭერა მხოლოდ ურუგვაიმ გამოთქვა, ათმა წევრმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი, მხოლოდ ვენესუელა აღმოჩნდა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა სულ 15-მა წევრმა დააფიქსირა: ბელარუსმა, ბურუნდიმ, კომორის კუნძულებმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, მიანმარმა, ნაურუმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ, ვიეტნამმა და ზიმბაბვემ.

კენჭისყრას არ ესწრებოდა სულ 39 ქვეყანა, მათ შორის – ავღანეთი, სომხეთი და თურქმენეთი. სომხეთი რეზოლუციას ყოველწლიურად  წინააღმდეგ აძლევდა ხმას.