როგორ ემზადება კატალონია საპარლამენტო არჩევნებისთვის (ვიდეო)

დღეს კატალონიაში საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები დილის 09:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.

კატალონიის მომავალი 21 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. ესპანური მედიის მიერ გავრცელებული კვლევების თანახმად, რეგიონის დამოუკიდებლობისა და კატალონიის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მსურველთა რიცხვი თითქმის თანაბარია და დიდი ალბათობით, უმრავლესობას 135-ადგილიან პარლამენტში ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილი პარტიებიდან სამი პოლიტიკური ძალა კოალიციური მთავრობის ფორმირებას დაიწყებს.

ექსპერტების პროგნოზით, ეს პროცესი შეიძლება ისე გაჭიანურდეს, რომ მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნებამდეც მივიდეს.

არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მათ შორის კატალონიის ყოფილი ლიდერის და ამჟამად ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონის პარტია. ასევე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ორიოლ ხუნკერასის პოლიტიკური ძალა.

პუიჩდემონი საარჩევნო კამპანიაში ბელგიიდან, ხუნკერასი კი მადრიდთან ახლოს მდებარე ციხიდან იყო ჩართული.

პუიჩდემონი არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, კატალონიაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა მას ესპანეთის ხელისუფლება დაკავებით ემუქრება. მისი და კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრების, მათ შორის ორიოლ ხუნკერასის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივად გაფლანგვა, დამოურჩილებლობა და ამბოხების მოწყობის მცდელობა ედებათ ბრალად.

საპარლამენტო არჩევნებში ფავორიტად სახელდება პარტია “მოქალაქეები”, რომელსაც ინეს არიმადას გარსია უდგას სათავეში.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ესპანეთის ხელისუფლებამ ოქტომბრის ბოლოს დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კატალონიის პარლამენტის მიერ რეგიონის დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება, რის გამოც ესპანეთის სენატმა უპრეცედენტო ზომას მიმართა და კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა. ამ მუხლის ამოქმედების თანახმად, გაუქმდა რეგიონის ავტონომია და კატალონია ოფიციალური მადრიდის დაქვემდებარების ქვეშ გადავიდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ დაითხოვა პარლამენტი, დროებით მმართველად ესპანეთის ვიცე-პრემიერი სორაია სანტოს დე სანტამარია დანიშნა და გამოაცხადა არჩევნების თარიღი.

არჩევნების დღეს კატალონიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული. არეულობის თავიდან ასაცილებლად ესპანეთის ხელისუფლებამ დამატებითი ძალების მობილიზება მოახდინა. ადგილზეა 13 000 პოლიციელი. უსაფრთხოებას დაიცავენ რეგიონული პოლიციის ძალები და ესპანეთის ეროვნული პოლიცია.

ესპანეთის ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგს გამართავს.

“მომხრე ვარ დიალოგის, მაგრამ არა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ. კატალონია არის ესპანეთი და კატალონია არის ევროპა“, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმა, მარიანო რახოიმ განაცხადა.

რახოის მადრიდში დაკავებულმა კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრებმა ციხიდან წერილი გაუგზავნეს და არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდეს. კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრები ამბობენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ამ ბრძოლაში მათ არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერა დაეხმარებათ.