„კატალონია ესპანეთია და ესპანეთი კატალონიასთან ერთად ევროპაა“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ინეს არიმადასთან
„კატალონია ესპანეთია და ესპანეთი კატალონიასთან ერთად ევროპაა“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ინეს არიმადასთან

კატალონიის საუკეთესო მომავლის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ კატალონიის მთავარი ოპოზიციური ძალის მოქალაქეთა პარტიის ლიდერმა ინეს არიმადასმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრომადრიდულმა პარტიამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხმების 25,3% -ი მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის მომხრე პარტიებს ოპონირებას გაუწევს. ამ პარტიას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე კარგი შედეგი აქვს, თუმცა უმრავლესობა ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის მომხრეებმა მოიპოვეს და 135-ადგილიან პარლამენტში სეპარატისტული ბლოკი 70 ადგილით იქნება წარმოდგენილი. მოქალაქეთა პარტიას პარლამენტში 37 წევრი ეყოლება.

„ჩვენი პარტია გამარჯვებულია. ჩვენ მოვიგეთ. ეს ნათელი დადასტურებაა იმის, თუ რა სურს კატალონიელების უმრავლესობას. კატალონია ესპანეთია და ესპანეთი კატალონიასთან ერთად ევროპაა. გავაკეთებთ ყველაფერს კატალონიის საუკეთესო მომავლისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

სამწუხაროდ, დღეს არსებული სისტემა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებს საშუალებას აძლევს, პარლამენტში უფრო მეტი ადგილი ჰქონდეთ იმასთან შედარებით, რა მხარდაჭერაც მათ ამომრჩევლისგან 21 დეკემბერს მიიღეს. მოქალაქეთა პარტია უმცირესობას წარმოადგენს და ღირსეულად, კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ, დავიცავთ ამომრჩევლების ინტერესს და გავამართლებთ მათ იმედს, იm სურვილს ავუსრულებთ, რის გამოც საარჩევნო უბანზე მისვლით მხარდაჭერა გამოგვიცხადეს.

დარწმუნებული ვართ, რომ კატალონია ჩვენი მიწაა, ესპანეთი ჩვენი სამშობლოა. კატალონია ესპანეთის განუყოფელ ნაწილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაციონალისტებს გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა აქვთ დღეს. ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ იმოქმედებენ. ეს ჩვენც ძალიან გვაინტერესებს. ერთი ლიდერი ბელგიაშია, მეორე ციხეში. დაველოდებით და ამის მიხედვით შევადგენთ სტრატეგიას.

ჩვენ დიალოგის მომხრე ვართ. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში ან წელიწადში შევძლებთ რადიკალური ცვლილებების გატარებას, სიტუაციის შეცვლას. მოვიგებთ არჩევნებს და უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში.

არჩევნებში ამომრჩეველმა ხმა მისცა ერთიანობას, თანაცხოვრებას. კატალონია ყველასია. უმრავლესობა ფიქრობს, რომ კატალონიელია ესეიგი ესპანელია და ევროპელი და მუდამ ასე იქნება. ჩვენ არ მივცემთ უფლებას გამოყოფის მომხრეებს, რომ მთელი კატალონიის სახელით ილაპარაკონ”,- აცხადებს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ინეს არიმადასი.