გაზაფხული დედამიწაზე ბევრ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. წელიწადის ამ დროს გარკვეული ცვლილებები მარსზეც მოაქვს.
საბედნიეროდ, მარსის გარშემო მოძრაობს მაღალი რეზოლუციის კამერებით აღჭურვილი ხომალდი, რომლის გადაღებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს ის ცვლილებები, რაც გაზაფხულს წითელ პლანეტაზე მოაქვს.
როცა მარსის პოლარულ რეგიოებში ზამთარი დგება, პლანეტის ზედაპირს ყინული ფარავს. ეს არის არა წყლის, არამედ ნახშირორჟანგის ყინული. გახაფხულის მოსვლისას, რომელიც მარსის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში 2019 წლის მაისში დადგა, CO2-ის ყინული სუბლიმირდება, ანუ, მყარი მდგომარეობიდან გადადის პირდაპირ აირადში, თხევადი ფაზის გამოტოვებით.
მარსის დიუნების მინდვრებში, სუბლიმაცია დაბლიდან მაღლა მიმართულებით ხდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ზამთრის ყინულის მარცვლები, რომლებიც შრეს წარმოქმნიან, თითქმის გამჭვირვალე ხდება და მზის სინათლე ყინულის დადნობას ფსკერიდან იწყებს. შედეგად, ქვეშ არსებულ ყინულსა და ზემოთ არსებულ ქვიშას შორის იჭედება აირი.
დათბობასთან ერთად, ყინული იბზარება და გამოთავისუფლდება მის ქვეშ მოქცეული აირი.
ყინულის ამოხეთქვისას, თან ამოაქვს მუქი ქვიშა. ამ შავ ლაქებს ფოტოზე ხედავთ.
2016 წლის ოქტომბერში მარსის ორბიტაზე მოძრაობა დაიწყო ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და როსკოსმოსის ერთობლივი პროექტის, „ეგზომარსის“ ხომალდმა სახელად Trace Gas Orbiter, რომელიც მას შემდეგ წითელ პლანეტას აქტიურად სწავლობს.
ხომალდის ინსტრუმენტებს (კონკრეტულად კი CaSSIS-ს) შეუძლია შექმნას მარსის ზედაპირის სიმაღლეთა დეტალური ციფრული მოდელები.
2019 წლის მაისში, CaSSIS-ის მაღალი რეზოლუციის კამერამ მარსის ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონში CO2-ის დნობის პროცესში ფოტოები გადაიღო.
სურათზე ჩანს პლანეტაზე წარმოქმნილი სხვადასხვა ტიპის დიუნები, რომლებსაც ბარხანებს, ანუ ნამგლის ფორმის დიუნებს უწოდებენ. ისინი იზრდებიან და ერთმანეთს უერთდებიან, წარმოქმნიან ქედებს. ბარხანი დიუნები მიუთითებს ქარის მიმართულებასაც.
2018 წლის მაისში, ხომალდმა სამხრეთის პოლარული რეგიონის გაზაფხულიც გადაიღო. ფოტოზე ამჯერადაც დიუნები ჩანს, მაგრამ ისინი კრატერშია წარმოქმნილი.
მარსის ღერძული დახრილობა 25 გრადუსია, დედამიწის კი 23,4 გრადუსი. მარსის სეზონები დედამიწის სეზონებისგან საკმაოდ განსხვავდება. წითელი პლანეტის ერთი წელი დედამიწის 687 დღეს გრძელდება, მაგრამ დედამიწისგან განსხვავებით, მარსის სეზონები წელიწადის მეოთხედს არ შეადგენს. ეს მისი ორბიტის ბრალია.
დედამიწის ორბიტა თითქმის წრიულია და მზის გარშემო სტაბილური სიჩქარით მოძრაობს, რასაც ვერ ვიტყვით მარსზე. მისი ორბიტა უფრო ელიფსურია, სიჩქარე კი ცვალებადი. შესაბამისად, დედამიწის სეზონები წელიწადის ერთსა და იმავე თარიღებში იცვლება, მარსის შემთხვევაში კი ეს თარიღები ცვალებადია.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.