ტროპიკული ქარიშხლების, მაგალითად, „დორიანის“ კლიმატის ცვლილებასთან კავშირის მეცნიერული მტკიცებულებები ძლიერია. თბილი ოკეანე უფრო მეტ მძლავრ შტორმებს წარმოქმნის; ზღვის დონის მატება შტორმის ტალღებს უფრო აძლიერებს და იწვევს საშინელ წყალდიდობებს.
ატლანტის ოკეანის ქარიშხლების შესახებ 70 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების ანალიზის შემდეგ, ნასას მეცნიერი ტიმ ჰალი ამბობს, რომ ამ ზაფხულს შტორმებმა ხმელეთისკენ უფრო გადაინაცვლა და გაახანგრძლივა განამადგურებელი ქარისა და წვიმის დრო.
ამ კვირაში, ქარიშხალმა „დორიანმა“ კუნძულ აბაკოსა და გრანდ-ბაჰამის თავზე მე-5 კატეგორიას მიაღწია.
ბაჰამის კუნძულებზე 40 საათის განმავლობაში მძვინვარების შემდეგ, „დორიანმა“ ჩრდილოეთით გადაინაცვლა და მისი სიძლიერე მე-2 კატეგორიის შტორმამდე შემცირდა.
ამის შემდეგ, ის ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებს დაარტყამს, შემდეგ კი ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში გადაინაცვლებს.
„უბრალოდ დაუჯერებელია. ზიზღის გრძნობა მიჩნდება და ასეთი შეგრძნება სულ რამდენიმე შტორმთან მიმართებაში გამიჩნდა“, — დაწერა ტვიტერზე ჯორჯიის უნივერსიტეტის ატმოსფერულმა მეცნიერმა, ამერიკის მეტეოროლოგიური საზოგადოების ყოფილმა პრეზიდენტმა მარშალ შეპერდმა.
შტორმმა სიძლიერის რეკორდი ბაჰამის კუნძულების თავზე მოხსნა. მიჰყვა გარკვეულ ტენდენციასაც — 2019 წელი ზედიზედ მეოთხე წელია, როცა ატლანტის ოკეანეში მე-5 კატეგორიის ქარიშხალი წარმოიქმნა.
მეტეოროლოგებისა და კლიმატის მეცნიერთა განცხადებით, „დორიანს“ აქვს მახასიათებლები, რომლებიც მიანიშნებს, როგორი გახდება ქარიშხლები კლიმატის გათბობის კვალდაკვალ.
„დორიანის სწრაფი გაძლიერება უპრეცედენტო იყო ისედაც ძლიერი ქარიშხლისთვის. კვირას, ცხრა საათის განმავლობაში, ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-დან 290 კმ/სთ-მდე გაიზარდა.
ხმელეთთან მიახლოებისას, ქარმა 298 კმ/სთ შეინარჩუნა და ამ მაჩვენებლით ის უძლიერესი იყო ატლანტის ოკეანეში ოდესმე დაფიქსირებულ შტორმებს შორის.
ვუდს-ჰოლის კვლევითი ცენტრის ატმოსფეროს მეცნიერის, ჯენიფერ ფრანსისის თქმით, სწრაფ გაძლიერებასა და კლიმატის ცვლილებას შორის კავშირი საკმაოდ ძლიერია.
ოკეანის სითბო ქარიშხლების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასული 50 წლის განმავლობაში, დათბობის 90 პროცენტი სწორედ ოკეანემ შთანთქა.
ფრანსისის თქმით, წყალი, რომელმაც „დორიანი“ წარმოქმნა, ნორმალურზე დაახლოებით 1 გრადუსი ცელსიუსით თბილი იყო. ეს კი უზარმაზარ ენერგიას ნიშნავს.
იმის გამო, რომ თბილ ჰაერს უფრო მეტი ტენის შენარჩუნება შეუძლია, კლიმატის ცვლილებამ გაზარდა ატმოსფეროში წყლის ორთქლის ოდენობა, რაც თავის მხრივ, უფრო ტენიან ქარიშხლებს იწვევს, გაცილებით მეტი ნალექით.
თბილი, ნოტიო ჰაერი კი მზარდ შტორმს დამატებით „საწვავს“ აძლევს.
როგორც ფრანსისი განმარტავს, როცა წყლის ორთქლი ღრუბლებში წვეთებად კონდენსირდება, ატმოსფეროში ძალიან ბევრ სითბოს გამოყოფს, რაც ქარიშხალს კიდევ უფრო კვებავს. მისი თქმით, ამ ფაქტორებს აშკარა წვლილი მიუძღვით შტორმებში, რომლებსაც ბოლო წლებში ვხედავთ.
კლიმატური მოდელების პროგნოზის მიხედვით, კლიმატის ცვლილების წყალობით, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მე-4 და მე-5 კატეგორიის ქარიშხლები შემდეგ საუკუნეში ორჯერ გახშირდება, მიუხედავად იმისა, რომ შტორმების ზოგადი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
მას შემდეგ, რაც ქარიშხალი სანაპიროს დაატყდება თავს, გლობალური დათბობის შედეგად აწეულ ზღვის დონეს შეუძლია მისი ეფექტები კიდევ უფრო გაამწვავოს შტორმის ტალღის გაძლიერების გამო. შტორმის ძლიერ ქარებს წყალი ნაპირებისკენ გადააქვს და შედარებით მოკლე პერიოდში იწვევს ექსტრემალურ დატბორვას.
რაც უფრო მაღალი წყლის დონე მოწმენდილ დღეს, შტორმის მოსვლისას დატბორვა უფრო უარესი იქნება — პროგნოზების მიხედვით, საუკუნის ბოლოსთვის გლობალური ზღვის დონე ერთ მეტრამდე აიწევს.
ქარიშხალი „დორიანი“ განსაკუთრებით განსაცვიფრებელი და განამადგურებელი აღმოჩნდა იმიტომ, რომ ის ბაჰამის კუნძულების თავზე შეყოვნდა. ჰალის თქმით, Ბოლო წლების განმავლობაში ასეთი შეყოვნება სულ უფრო ხშირი გახდა.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში ჰალი იტყობინებოდა, რომ 1944 წლის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ქარიშხლები 17 პროცენტით შენელდა, მაგრამ ამავე პერიოდში მათი ნალექიანობა 40 პროცენტამდე გაიზარდა.
2018 წლის კიდევ ერთი კვლევის მიხედვით კი, ტროპიკული ციკლონები მსოფლიოში მნიშვნელოვნად შენელდა.
როგორც ჰალი აღნიშნავს, შეყოვნების დროს, ციკლონს უფრო მეტი დრო აქვს წყლის ტალღის კედლის ასაშენებლად, რის გამოც, იმავე რეგიონში სულ უფრო და უფრო მეტი ნალექი მოდის.
მისი თქმით, სწორედ ასეთი იყო ქარიშხალი „ჰარვი“, რომელმაც 2017 წელს ტეხასში 152 სანტიმეტრზე მეტი ნალექი გამოიწვია. იგივე მახასიათებლები აქვთ ქარიშხალ „დორიანს“ და შარშანდელ „ფლორენსს“.
ჰალს და მის კოლეგებს სჯერათ, რომ ამ ფენომენში არის კლიმატის ცვლილების სიგნალი, მაგრამ კიდევ აქტიურად ამოწმებენ კავშირს ადამიანის მიერ გამოწვეულ დათბობასა და ნელა მოძრავ შტორმებს შორის.
ქარიშხლებს საკუთარი „ძრავა“ არ გააჩნიათ. დედამიწის ზედაპირზე მათ მართავს მსხვილმასშტაბიანი ატმოსფერული ქარები, ზუსტად ისე, როგორც არის ტივტივა აზვირთებულ ნაკადში.
თუკი ეს ქარები მოიშლება ან უბრალოდ გადაინაცვლებს, ციკლონები უფრო მორევისებრი და უძრავი გახდება.
კლიმატური სიმულაციები აჩვენებს, რომ ატმოსფერული ქარები სუბტროპიკებში, სადაც „დორიანიც“ არის, მართლაც ნელდება.
ჰალი და ფრანსისი აღნიშნავენ, რომ არ შეიძლება რომელიმე ერთეული ამინდის კატასტროფის დაკავშირება კლიმატის ცვლილებასთან, განსაკუთრებით მისი მიმდინარეობისას.
რაც შეეხება „დორიანს“, ჰალი ამბობს, რომ ის სწორედ ისეთია, როგორსაც ელოდნენ.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.