როგორ ამზადებენ მაგელანის გიგანტური ტელესკოპის სარკეებს [ვიდეო]
20:20, 10.11.2017
მიმდინარეობს მაგელანის გიგანტური ტელესკოპის (GMT) მეხუთე სარკის დამზადება — ამის შესახებ პროექტის ავტორი, მაგელანის გიგანტური ტელესკოპის ორგანიზაცია (GMTO) სპეციალურ განცხადებაში იუწყება.
GMT რევოლუციური სეგმენტირებული ტელესკოპია, რომელიც 7 გიგანტური სარკისგან შედგება და შენდება ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე ლას-კამპანასის ობსერვატორიაში.
სარკეებს ამზადებს არიზონის უნივერსიტეტის რიჩარდ კერისის სარკეების ლაბორატორია. ეს ლაბორატორია ტელესკოპთა ფართო სარკეების დამამზადებელი მსოფლიო ცენტრია.
თუმცა, თავის რევოლუციური პროდუქტებით ცნობილ ლაბორატორიაში GMT-ის სარკეების დამზადებისას, იძულებულნი გახდნენ, საინჟინრო ლიმიტებისთვის გადაეჭარბებინათ.
ერთი და იგივე ზომის (8,4 მ) შვიდი სხვადასხვა სარკისგან GMT-ის ძირითადი სარკე აეწყობა. ერთი სარკე ცენტრში განთავსდება, ექვსი კი წრიულად, მის გარშემო.
თითოეული სარკე მინის 20 ტონიანი ურჩხულია და მზადდება ცალ-ცალკე. შვიდივეს დამზადების შემდეგ, ისინი უკვე ობსერვატორიაში აეწყობა და დამონტაჟდება.
შედეგად მივიღებთ ოპტიკურ, 24,5 მ დიამეტრიან სინათლის შემგროვებელ ზედაპირს. ტელესკოპი მართლაც უზარმაზარია და მისი სარკეების დასამზადებლად საჭიროა უკიდურესად ზუსტი ინჟინერია და წარმოების პროცესი.
საჭირო მინა დაბალფასიანია, დამზადებულია სპეციალურად, იაპონიაში; შემოაქვთ ნამსხვერევებად. თითოეული სარკე მოითხოვს ზუსტად 17 481 კგ მინის ნამსხვრევს.
სპეციალური ღუმელით, ყალიბში მოთავსებულ მინას 1165°C-მდე აცხელებენ რამდენიმე საათის განმავლობაში. მინა დნება და ყალიბს ავსებს. ამ დროს, ყალიბი წამში 5 ბრუნის სიჩქარით ტრიალებს. შემდეგ ბრუნვა ნელდება და რამდენიმე თვის მანძილზე, მინა იქვე რჩება გასაციებლად.
ხანგრძლივი გაციების შემდეგ, უკვე შესაძლებელია შუშის გაპრიალება. მინის გამძლეობა და საბოლოო ფორმის მიღება მოითხოვს ძალიან ფრთხილ, უკიდურესად ზუსტ გაპრიალებას. პირველი სარკე 2005 წელს დამზადდა, მაგრამ 2011 წელს, მას ჯერ კიდევ აპრიალებდნენ.
მაგელანის გიგანტური ტელესკოპის სარკეები ბრტყელი არაა; როგორც ამბობენ, აქვს „კარტოფილის ჩიფსების“ ფორმა. არის ასფერული და პარაბოლოიდური. მათი ზედაპირი 25 ნანომეტრის სიზუსტით უნდა გაპრიალდეს, ეს კი უკვე სინათლის ტალღის სიგრძის ფრაქციაა.
„მაგელანის გიგანტური ტელესკოპის სარკეების ჩამოსხმა ტიტანური საქმეა; ძალიან ამაყები ვართ, რომ არიზონის უნივერსიტეტს წამყვანი როლი აკისრია ახალი სამეცნიერო აღმოჩენების რესურსის შექმნაში. GMT-სა და კერისის სარკეების ლაბორატორიის თანამშრომლობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია დავძლიოთ კომპლექსური გამოწვევები ინოვაციური გადაწყვეტილებებით“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი რობერტ რობინსი.
„არიზონის უნივერსიტეტს ოსტატობის ასეთი გასაოცარი ტრადიციები აქვს კოსმოსის კვლევაში, გამუდმებით მოხიბლული ვარ ჩვენი ნიჭიერებით, გუნდით, ასტრონომიისა და კოსმოსურ მეცნიერებათა სტუდენტების შესაძლებლობებით“.
GMT-ის სარკეების დამზადება მრავალსაფეხურიანი პროცესია. პირველი სარკის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დასრულდა და ის ამჟამად სათუთად ინახება. გახეხვისა და გაპრიალების სხვადასხვა ეტაპზეა სამი სხვა სარკე. მეექვსე სარკის მინა ჯერ საწყობშია და ელოდება ჩამოსხმას, მეშვიდე სარკისთვის საჭირო მინა კი უკვე შეკვეთილია იაპონიაში.
დასრულების შემდეგ, მაგელანის გიგანტური ტელესკოპი განთავსდება ატაკამის უდაბნოში, ლას-კამპანასის ობსერვატორიაში, სადაც სიმაღლე ზღვის დონიდან და სუფთა ცა მხედველობის ბრწყინვალე პირობებს ქმნის. ტელესკოპის პირველი შუქი 2020-იანი წლების შუა პერიოდშია დაგეგმილი.
იმ დროისათვის, GMT მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპი იქნება, სულ მცირე მანამ, სანამ ჰავაიზე აშენდება ოცდაათ-მეტრიანი ტელესკოპი და ევროპის უკიდურესად დიდი ტელესკოპი.
„ისტორიაში უდიდესი ტელესკოპის შექმნა მონუმენტური ძალისხმევაა და მაგელანის გიგანტური ტელესკოპი მსოფლიოში უმსხვილეს კერძო დაფინანსების სამეცნიერო ინიციატივებს შორის იქნება“, — ამბობს ოსტინის ტეხახსის უნივერსიტეტის მაკდონალდის ობსერვატორიის დირექტორი და GMTO-ს დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე, ასტრონომიის პროფესორი ტაფტ არმანდროფი.
„ამ შემდეგი ისტორიული ნიშანსვეტით, GMTO-ს პარტნიორების ლიდერობით, ტექნიკური, ფინანსური და სამეცნიერო მამაცობით, ჩვენ განვაგრძობთ გზას, რომელმაც ამ დიადი ტელესკოპის დასრულებამდე უნდა მიგვიყვანოს“.
მაგლანის გიგანტურ ტელესკოპს საშუალება ექნება პირდაპირ გადაიღოს მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტები — ეგზოპლანეტები.
აღფრთოვენაბისთვის მხოლოდ ესეც კმარა. თუმცა, GMT ასევე შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ვარსკვლავების, პლანეტებისა და დისკების ფორმაციალ გალაქტიკების შეჯგუფება და ევოლუცია; ფუნდამენტური ფიზიკა; პირველი შუქი და რეიონიზაცია.