როდის განახლდება საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები, ჯერ უცნობია
საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დროებით ისევ შეჩერებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ტრანზიტული რეისები ხორციელდება, თუმცა აეროპორტებში მკაცრი კონტროლია დაწესებული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და მგზავრების შემოწმება ადგილზე ხდება.
ლევან კარანაძის განცხადებით, პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მსჯელობა შესაძლოა, მას შემდეგ დაიწყოს, რაც შესაბამისი ორგანიზაციები ეპიდემიის შემცირების შესახებ განაცხადებენ.
„რაც შეეხება პირდაპირი რეისების აღდგენის საკითხს, როგორც კი ვირუსთან ბრძოლის კუთხით ვითარება გაუმჯობესებისკენ წავა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეების შემცირებაზე გააკეთებს განცხადებას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მდგომარეობა შეფასდება და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის 29 იანვრიდან, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეწყდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, შეზღუდვა ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29 მარტამდე იყო დაწესებული.