როდის დასრულდება ან რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს COVID‑19-ის პანდემია — #1tvმეცნიერება
როდის დასრულდება ან რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს COVID‑19-ის პანდემია — #1tvმეცნიერება

COVID‑19-ის პანდემიის დაწყებიდან სამი წლისთავზე, ვირუსით მსოფლიოში 491,4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილა რაოდენობა კი 6,15 მილიონს გადასცდა. ამ დროისათვის, მსოფლიო მასშტაბით ადმინისტრირებულია ვაქცინის 11,29 მილიარდზე მეტი დოზა.

ომიკრონ შტამის გამოჩენის შემდეგ, შემთხვევათა რაოდენობამ სწრაფად იმატა და შემდეგ შემცირდა. ალბათ ყველას გვაინტერესებს, რა იქნება შემდეგ? გამოჩნდება რაიმე ახალი ვარიანტი? დასრულდება თუ არა ოდესმე COVID‑19?

ამასობაში, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ან სრულად მოხსნა დაიწყეს.

ბრაზილიამ გაამარტივა შეზღუდვები ქვეყანაში შემსვლელ საერთაშორისო მოგზაურთათვის. ვაქცინირებულ ბრაზილიელებსა და უცხოელებს ქვეყანაში შესვლისთვის ახლა უკვე აღარ მოეთხოვებათ COVID‑19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი.

პირველი აპრილიდან, COVID‑19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო იტალიამაც, გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში ორ წელზე მეტხანს მოქმედებდა.

გერმანია COVID‑19-ით ინფიცირებულ პირთა უმეტესობისთვის სავალდებულო კარანტინის მოხსნას გეგმავს. ამჟამინდელი კანონით, ინფიცირებულ პირებს სულ მცირე შვიდდღიანი კარანტინი მოეთხოვებათ. ეს ნებაყოფლობითი ხუთდღიანი პერიოდით შეიცვლება.

პირველი აპრილიდან, უკანასკნელი კოვიდშეზღუდვები მოხსნა შვეიცარიამაც, მათ შორის, ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ ხუთდღიანი თვითიზოლაციის მოთხოვნა.

აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ომიკრონის ტალღის დროს, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრილ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში 68 პროცენტით ნაკლები იყო ჰოსპიტალიზების შანსი, ვიდრე არავაქცინირებულ ბავშვებში.

ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტი გარკვეული ხნის განმავლობაში რჩებათ, მაგრამ 31 მარტს ჟურნალ The Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნებული ორი კვლევის მიხედვით, ვაქცინები მათ კიდევ უფრო მეტ თავდაცვას ანიჭებს მწვავე დაავადების წინააღმდეგ.

30 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-შესახებ განახლებული გეგმა გამოაქვეყნა. მასში წარმოჩენილია ის საკვანძო სტრატეგიები, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, პანდემიის საგანგებო ფაზა მსოფლიოში წელს უნდა დასრულდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, გაზარდონ ვირუსის მონიტორინგის შესაძლებლობები და გააუმჯობესონ ხანგრძლივი კოვიდის დაფიქსირების საშუალებები. სხვა სტრატეგიებთან ერთად, ორგანიზაცია ასევე განაგრძობს იმ მიზნის მხარდაჭერას, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს.

გეგმა მოიცავს, მომავალ წლებში ვირუსის შესაძლო განვითარების სამ სცენარს.

„იმაზე დაყრდნობით, რაც ახლა ვიცით, ყველაზე სავარაუდო სცენარი ის არის, რომ COVID-19-ს ვირუსი განვითარებას გააგრძელებს, მაგრამ მის მიერ გამოწვეული დაავადების სიმწვავე დროთა განმავლობაში შემცირდება, რადგან ვაქცინაციისა და ინფექციის გამო გაიზრდება იმუნურობა“, — ამბობს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეირუსი.

როდის დასრულდება COVID‑19?

რეალობა ის გახლავთ, რომ COVID‑19 სრულად არ გაქრება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს სიცოცხლეზე მას ისეთივე გავლენა ექნება, როგორც ვირუსის თავდაპირველად გამოჩენისას. პანდემიის დაწყების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ვირუსის შესახებ გაცილებით მეტი ცოდნა გვაქვს, არსებობს ძალიან ეფექტიანი ვაქცინები, გაზრდილია ტესტირებისა მაჩვენებელი და ეფექტიან სამკურნალო საშუალებათა, მაგალითად, ანტივირუსულ მედიკამენტთა რაოდენობა, რომლებსაც ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

„უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, როგორც ეს სხვა ვირუსების შემთხვევაში ვისწავლეთ“, — ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ჯეფრი კანი.

დოქტორ კანის განცხადებით, ვირუსი „პანდემიურიდან“ „ენდემურად“ გადაიქცევა. პანდემია დაავადების მთელ მსოფლიოში გავრცელებას ნიშნავს; ენდემური კი არის დაავადება, რომელიც გარკვეულ პოპულაციაშია გავრცელებული და შეიძლება რეგულარულად ან არარეგულარულად გავრცელდეს. ენდემურ ეპიდემიებს შორის არის გრიპის ვირუსი, რომელიც უფრო ხშირად ზამთრის თვეებში ვრცელდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დაგვჭირდეს COVID‑19-ის ვაქცინის ადრეული ბუსტერები, ზუსტად ისე, როგორც გრიპის ყოველწლიური აცრები. თუმცა ზოგადად, მომავალში შეიძლება სიფრთხილის სხვა დამატებითი ზომების მიღება.

რა შეიძლება იყოს COVID‑19-ის შემდეგი შტამი?

ამჟამად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებული შტამია ომიკრონი და მისი ქვევარიანტი BA.2. გარდა ამისა, უცნობია, რა შეიძლება იყოს კოვიდის შემდეგი შტამი, რამდენად მწვავე შეიძლება იყოს ის ან რამდენად შეიძლება გავრცელდეს. ვირუსის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია იმ ვარიანტზე, რომელიც შემდეგი იქნება. გავრცელებასთან ერთად, ყველა ვირუსი განიცდის მუტაციას და ეს მუტაცია შეიძლება ძალიან ბევრი იყოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ნატურალური ინფექციისა თუ ვაქცინაციის გამო იმუნურობა უკვე საკმაოდ მაღალია, თუკი ახალი ვარიანტი გამოჩნდება, იმისათვის, რათა მან იმუნიტეტს გვერდი აუაროს, ის წინა ვარიანტებისგან ძლიერ უნდა განსხვავდებოდეს. ვფიქრობ, ამის ალბათობა დაბალია“, — ამბობს დოქტორი კანი.

თუმცა, როგორც დელტა და ომიკრონ ვარიანტების შემთხვევაში ვნახეთ, შტამებს პანდემიის მიმართულების სწრაფად შეცვლა შეუძლიათ.

როგორ წავიწიოთ მენტალურად წინ ომიკრონის შემდეგ?

ომიკრონის შემდეგ, შემთხვევათა რაოდენობა სწრაფად დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეზობლები შეიძლება ცხოვრების პანდემიამდელ სტილს დაუბრუნდნენ, თქვენ შეიძლება კვლავ შფოთავდეთ, რაც ნორმალურია. შეიძლება გყავდეთ ოჯახის ისეთი წვერი, რომელსაც დაავადების გამწვავების რისკი აქვს ან ბავშვი, რომელიც ასაკის გამო ვაქცინაციას არ ექვემდებარება.

„ის, რაც თქვენი ოჯახისთვის სწორია, შეიძლება სხვა ოჯახისთვის ასე არ იყოს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. ყოველი ოჯახი განსხვავდება და მნიშვნელოვანია იმაზე ფოკუსირდეთ, რაც თქვენი ოჯახისთვის საუკეთესოა და გამოგადგებათ“, — ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი, პროფესორი ხულიანა ალბა-სუარესი.

როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ოჯახი COVID-19-ისგან?

თვალი გეჭიროთ თქვენს საზოგადოებაში COVID-19-ის გავრცელების მჩვენებელზე. როდესაც რიცხვები დაბალია, შეიძლება უსაფრთხო იყოს მუზეუმებში, რესტორნებში ან სხვა ასეთ დაწესებულებებში წასვლა. თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრების რისკების გათვალისწინებით, შემთხვევათა მცირე რაოდენობის დროსაც კი შეგიძლიათ ატაროთ ნიღაბი.

არ აქვს მნიშვნელობა, COVID-19-ის შემთხვევათა რა რაოდენობა ფიქსირდება თქვენს საზოგადოებაში, მაინც მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოჯახის წევრები ვაქცინირებული იყვნენ შესაბამისი ბუსტერდოზებით. შემთხვევათა რაოდენობის შესამცირებლად, ვაქცინები ჩვენ ხელთ არსებული საუკეთესო საშუალებაა.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, შემთხვევათა რაოდენობა ალბათ ხშირად გაიზრდება და შემცირდება. ამ დროს მნიშვნელოვანია, კვლავ ფოკუსირდეთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

მომზადებულია who.int-ისა და weforum.org-ის მიხედვით.