რობერტა მეცოლა - ევროპარლამენტის საორგანიზაციო საკითხთა ორგანო განიხილავს, როგორ ითანამშრომლებს ინსტიტუტი უნგრეთთან, ვიდრე ის იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა
რობერტა მეცოლა - ევროპარლამენტის საორგანიზაციო საკითხთა ორგანო განიხილავს, როგორ ითანამშრომლებს ინსტიტუტი უნგრეთთან, ვიდრე ის იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა

ევროპარლამენტის საორგანიზაციო საკითხთა ორგანო განიხილავს, როგორ ითანამშრომლებს ინსტიტუტი უნგრეთთან, ვიდრე ის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საყვედურები დაიმსახურა ევროკავშირის ქვეყნებისგან მისი ბოლო ვიზიტის გამო რუსეთსა და ჩინეთში თვითგამოცხადებული „სამშვიდობო მისიით“ უკრაინაში ომის დასასრულებლად. აღნიშნული ვიზიტები კი რამდენიმე დღის შემდეგ განხორციელდა მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ამასთან, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პრეზიდენტობის მეორე ვადაში განსახორციელებელ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმუშავებს პოლარიზებული რიტორიკის განსამუხტად.

„ამ პარლამენტში წარმატებას მიაღწევ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხიდებს ააშენებ, შექმნი ალიანსებს. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობდი პირველივე დღიდან, როცა ამირჩიეს ორწელიწად-ნახევრის წინ და ეს არის ის, რის გაკეთების პირობაც დავდე ბოლო კამპანიის დროს. ეს არის ადგილი, სადაც, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ საუკეთესო უმრავლესობები, რომელიც გახდება მომავლის პროევროპული პლატფორმა“, – განაცხადა მეცოლამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის 63 დეპუტატი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს, უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ამასთან, როგორც ცნობილია, უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში მონაწილეობას რამდენიმე ევროპული სახელმწიფო არ მიიღებს.