რობერტა მეცოლა - ევროკავშირმა მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე
რობერტა მეცოლა - ევროკავშირმა მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე

ევროკავშირმა მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

ევროპარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და მზად იყოს საფრთხეებთან დასაპირისპირებლად თავისი დიდი ხნის პარტნიორის, შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე.

რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თავდაცვის ინდუსტრია და პრაქტიკულად იმოქმედონ სტრატეგიული ავტონომიის საკითხებში, თუმცა ევროპული „თავდაცვითი კავშირი“ უნდა იყოს „შემავსებელი და არა კონკურენტული ნატო-სთან“.

„ევროპა ვერ იყოყმანებს, როდესაც ვხედავთ, რა შეიძლება მოხდეს ატლანტის ოკეანის გადაღმა. ევროპა მტკიცედ უნდა დადგეს“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ევროპაში აღშფოთება გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ „წაახალისებს“ რუსეთის თავდასხმას ნატო-ს ნებისმიერ წევრზე, რომელიც საკმარისს არ გადაიხდის თავდაცვისთვის.