რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ, მისი მოთხოვნით, ევროპარლამენტი ანტიკორუფციული გამოძიების ფიგურანტს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის უფლებამოსილებას შეუწყვეტს
ევროპარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი მოთხოვნით, ევროპარლამენტი ანტიკორუფციული გამოძიების ფიგურანტს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის უფლებამოსილებას შეუწყვეტს. ამის შესახებ განცხადება რობერტა მეცოლამ სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარული სესიის გახსნისას განაცხადა.
ევროპარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ჩატარდება შიდა გამოძიება, ასევე ჩატარდება რეფორმა, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში გამოირიცხოს. მეცოლა აცხადებს, რომ ყველა შესაბამის ნაბიჯს გადადგამს, რათა ევროპარლამენტის მდგრადობა დაცული იყოს.
„დემოკრატიის მტრები თავს დაესხნენ ევროპარლამენტს, ევროპულ დემოკრატიას, ღია, თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებებს, რომლებისთვისაც ამ პარლამენტის არსებობაც კი არის საფრთხე, არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან. ეს მავნე აქტორები დაკავშირებულნი არიან ავტოკრატიულ ქვეყნებთან და იარაღად იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფკავშირებს, ინდივიდუალურ პირებს, საპარლამენტო თანაშემწეებს და ევროპარლამენტის წევრებს, რათა დაიქვემდებარონ პროცესები. მათი მავნებლური გეგემები ჩავარდა. ჩვენი სერვისები, რომლებითაც ვამაყობ, მუშაობენ ეროვნულ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, რათა ეს სავარაუდო კრიმინალური ქსელი გატეხონ დროებით მაინც. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ყველა კანონიერი ნაბიჯი და ინფორმაცია იყოს დაცული“, – განაცხადა მეცოლამ.
ამასთან, ევროპარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მან ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კატართან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ანგარიში უკან გადაეგზავნოს კომიტეტს.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის ბრალი წარუდგინეს კატარისგან მიღებული ქრთამის სანაცვლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობაში. მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ სამი პირი, მათ შორისაა კაილის თანაშემწე, ასევე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციისა და პროფკავშირის ხელმძღვანელები.