რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გერმანიაში კორონავირუსის მესამე ტალღა შესაძლოა, პირველ ორზე უარესი იყოს
რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი ლოთარ ვილერი აცხადებს, რომ არსებობს მკაფიო ნიშნები იმისა, რომ გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა შესაძლოა, პირველ ორზე გაცილებით უარესი იყოს.
ამის შესახებ ლოთარ ვილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არის მკაფიო ნიშნები, რომ მესამე ტალღა შესაძლოა, მნიშვნელოვნად უარესი იყოს, ვიდრე პირველი ორი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდისთვის. ასევე მძიმე შემთხვევების რაოდენობის მატების, საავადმყოფოების გადატვირთვისა და ბევრი გარდაცვალების შემთხვევისთვის. ჩვენ ამ მოვლენების მხოლოდ დასაწყისში ვართ. თუ დაუყოვნებლივ არ მივმართავთ მასობრივ ზომებს, შედეგები მძიმე იქნება“, – განაცხადა ლოთარ ვილერმა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ უახლოეს კვირებში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება. მისი მონაცემებით, ორი კვირის წინ გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათასს ადამიანზე 70-ს შეადგენდა, ახლა კი – 119-ია.
ამასთან, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა სწრაფი ტემპით თუ გაგრძელდება, ჯანდაცვის სისტემა აპრილში შესაძლებლობების ზღვარზე იქნება.
„ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მეტისმეტად სწრაფად იზრდება და ვირუსის სხვადასხვა ვარიანტი ვითარებას განსაკუთრებულად საშიშს ხდის. თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდება, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა აპრილში შესაძლებლობების ზღვარზე იქნება“, – განაცხადა იენს შპანმა.