თენგიზ ცერცვაძე -  კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელია, მაგრამ ეს ბედისწერა არ არის, მისი თავიდან აცილება ჩვენს ხელშია
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელია, მაგრამ ეს ბედისწერა არ არის, მისი თავიდან აცილება ჩვენს ხელშია

მესამე ტალღა მოსალოდნელია, მაგრამ ეს არ არის ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ – არა მას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე ვაქცინას მიიღებს ქვეყანა, კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყება-არ დაწყება მოსახლეობის რეკომენდაციების დაცვის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. როგორც ცერცვაძე ამბობს, ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პირბადის ტარებაა.

„ამაში დაგვეხმარება ვაქცინა, მაგრამ ვიდრე არ არის ვაქცინა, მანამდე ჩვენი და მესამე ტალღის ბედი ჩვენს ქვეყანაში არის მთლიანად ჩვენს ხელში. ეს არის პირბადეების ტარება, პირბადეების და პირბადეების. სხვა ყველაფერიც მნიშვნელოვანია, სოციალური დისტანცირებაც, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებაც, მაგრამ პირბადეები არის უმნიშვნელოვანესი.

სამწუხაროდ, ჩემთან მოდის ინფორმაცია, რომ ადამიანები გავთამამდით, ისევე როგორც ზაფხულში და ვთქვათ, ამ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად პირბადეებზეც უარი თქვეს. თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი იყო 72 პროცენტი, ახლა არის 62. ჩვენ რომ თავი დაზღვეულად ვიგრძნოთ მესამე ტალღისგან, უნდა გვქონდეს 90 პროცენტი პირბადეების ტარების. ასეთი პროცენტია ჩრდილოეთ ევროპაში და სკანდინავიის ქვეყნებში. ამიტომ, ხომ ყველას გვინდა, რომ შეზღუდვები, რომელიც მოიხსნა, მოსახლეობამ ამოისუნთქა და მეტად ამოისუნთქებს, იძულებული არ გავხდეთ, როგორმე ისევ არ შემოვიღოთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.