რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი - უკრაინა ამ ომის მსხვერპლია, ეს არის დიდი სახელმწიფოების ომი, რომელშიც თვითონ არ მონაწილეობენ და ცდილობენ სტრატეგიული სარგებლის მიღებას
უკრაინა ამ ომის მსხვერპლია, ეს არის დიდი სახელმწიფოების ომი, რომელშიც თვითონ არ მონაწილეობენ და ცდილობენ სტრატეგიული სარგებლის მიღებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა ილონ მასკის „ტვიტერის“ პლატფორმაზე განაცხადა. საუბრის თემა იყო „დემოკრატიის აღდგენა“.
კენედის თქმით, „უკრაინას არ შეუძლია ამ ომის მოგება და ეს საკითხი არსებითია რუსეთისთვის“.
„აშშ ცდილობს სარგებლის მიღებას ნეოკონსერვატორების გეოპოლიტიკური ამბიციებით, რომლებსაც სურთ რუსული არმიის გამოფიტვა უკრაინაში და ასევე ცდილობენ პუტინის რეჟიმის ცვლილებას. უკრაინა არის ამ ომის მსხვერპლი. ეს არის დიდი სახელმწიფოების ომი, რომელშიც თვითონ არ მონაწილეობენ და ცდილობენ სტრატეგიული სარგებლის მიღებას. დიახ, უკრაინა არის რუსეთის მსხვერპლი, ეს იყო უკანონო და სასტიკი შეჭრა, რომლის თავიდან არიდება ვლადიმერ პუტინს შეეძლო. მაგრამ უკრაინა თითქმის თანაბრად არის აშშ-ის პოლიტიკის მსხვერპლი, ნეოკონსერვატორების ამბიციებისა და მისწრაფებების მსხვერპლი.
ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მშვიდობის პლატფორმით მოიპოვა. უზარმაზარი მხარდაჭერა ჰქონდა, რადგან პირობა დადო, რომ მინსკის შეთანხმებას ხელს მოაწერდა. ეს ნიშნავდა, რომ ნატო უკრაინიდან სამუდამოდ გავიდოდა. ეს გულისხმობდა ავტონომიურ რეგიონებს უკრაინის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების დაქვემდებარებაში იქნებოდა, მაგრამ ექნებოდა ენობრივი და კულტურული ავტონომია მოქალაქეებისთვის. ვლადიმერ პუტინმა მანამდე თქვა, რომ არ უნდოდა უკრაინის ტერიტორიების მიერთება და ემხრობოდა უკრაინის ერთიანობას. მინსკის შეთანხმებას მხარს უჭერდნენ გერმანია და საფრანგეთი. ჩემმა ბიძამ, ჯონ კენედიმ ერთხელ თქვა, მშვიდობის ერთადერთი გზა არის, თუ შენ შენი მოწინააღმდეგის ადგილას წარმოიდგენ თავს“, – განაცხადა რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა.