რობერტ ფიცო - დიდ დასავლურ დემოკრატიებს არა მშვიდობა, არამედ რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია სურთ, სლოვაკეთს მსგავს სამხედრო ავანტიურებში არ ჩავრთავ
რობერტ ფიცო - დიდ დასავლურ დემოკრატიებს არა მშვიდობა, არამედ რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია სურთ, სლოვაკეთს მსგავს სამხედრო ავანტიურებში არ ჩავრთავ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა საავადმყოფოდან მისცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ხმა საავადმყოფოში მივეცი, რადგან ეს არჩევნებიც ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ხმა მივცეთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც მშვიდობის ინიციატივებს დაუჭერენ მხარს და არა ომის გაგრძელებას. დასავლეთის ქვეყნების თანხმობა, მისცენ უკრაინას უფლება დასავლური იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე თავდასხმისთვის, დასტურია, რომ დიდ დასავლურ დემოკრატიებს არა მშვიდობა, არამედ რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია სურთ. ეს კი აუცილებლად მოხდება.

როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მე არ ჩავრთავ სლოვაკეთს მსგავს სამხედრო ავანტიურებში და ჩვენი, სლოვაკეთის, მცირე შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მშვიდობა ომზე პრიორიტეტული იყოს“, – წერს რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. რობერტ ფიცოს რამდენჯერმე ესროლეს. თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი თავს ახლა კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურსს გადის.