რობერტ ფიცო აცხადებს, რომ თავდამსხმელის მიმართ სიძულვილს არ განიცდის და არ აპირებს სასამართლოში ჩივილს
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ თავდამსხმელის მიმართ სიძულვილს არ განიცდის და არ აპირებს სასამართლოში ჩივილს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მასზე თავდასხმის შემდეგ პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ფიცო აცხადებს, რომ თავდამსხმელი სლოვაკეთის ოპოზიციონერი აქტივისტია.

მისივე თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წავა, ეტაპობრივად, მე შევძლებ დავუბრუნდე სამსახურს ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში”, – ამბობს ფიცო.

როგორც სლოვაკეთის პრემიერი ამბობს, ის არანაირ სიძულვილს არ განიცდის თავდამსხმელის მიმართ, არ აპირებს სასამართლოში ჩივილს და კომპენსაციის მოთხოვნას.

„მე მას ვპატიობ, საკუთარ თავში გაერკვიოს, რა გააკეთა და რატომ”, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

59 წლის რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. სლოვაკეთის პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.