რკინიგზის საკონტაქტო ხაზის დაზიანების გამო, ოთხი მიმართულების მატარებელი გაჩერებულია, მგზავრებს ავტობუსებით გადაიყვანენ
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჟამად გაჩერებულია ოთხი მიმართულების სამგზავრო მატარებელი. ესენია: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით ორი საათი დასჭირდება.
პარალელურად, კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.