„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვირაბის მშენებლობაზე დაღუპულის ოჯახს კომპენსაცია მიეცეს
„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დაღუპული მუშის საქმის გამოძიებაში პროფკავშირები ხვალიდან ჩაერთვებიან. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა დაზარალებულის ოჯახმა კომპენსაცია მიიღოს.
„შემთხვევის შესახებ დასაქმებულმა ადამიანმა გვაცნობა, მაშინ, როდესაც კომპანიას ცალსახად აქვს აღებული ვალდებულება, პროფკავშირები ჩააყენოს საქმის კურსში. ჩვენ ხვალ ჩავერთვებით აღნიშნული საქმის გამოძიებაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაღუპული ადამიანის ოჯახს შესაბამისი კომპენსაციები მიეცეს“, – აღნიშნა ვიტალი გიორგაძემ.
გიორგაძის განცხადებით, ვერ ხდება უბედური შემთხვევების პრევენცია, ვინაიდან სამუშაოების მწარმოებელი კომპანია პროფკავშირებთან შეთანხმებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„ჩვენ სწორედ ამ ნაწილში ვართ სუსტები. ჩვენ ვერ ვახდენთ უბედური შემთხვევებისას პრევენციას, რადგან კომპანია არასოდეს ასრულებს პროფკავშირების მიერ გაცემულ ვალდებულებებს. პროფკავშირები უკვე ექვსი წელია, ამ კომპანიასთან ურთიერთობს, რამდენიმე გაფიცვა და საპროტესტო აქცია მოეწყო დასაქმების ადგილზე, გაფორმდა უამრავი ხელშეკრულება, თუმცა განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში, კომპანია ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო შრომას. აქედან გამომდინარე, პროფკავშირები მაქსიმალური სიმკაცრით მოითხოვს, როგორც შრომის ინსპექციიდან, ასევე შესაბამისი სტრუქტურებიდან, მაქსიმალური სიმკაცრით იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი, რადგან ეს უკვე სისტემატურ ხასიათს იღებს. ჩვენი სპეციალისტები ხვალ დილიდან დასაქმების ადგილზე იქნებიან. ვესაუბრეთ კომპანიის ხელმძღვანელობას და იმედს გამოვთქვამთ, მათი მხრიდანაც არ იქნება ხელის შეშლა ამ საქმის ობიექტურად გამოძიებაში“, – განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მუშა დაიღუპა. 41 წლის მამაკაცს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.