რიში სუნაკის დაცვის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების თარიღზე ფსონების დადებაშია ეჭვმიტანილი
პოლიციელი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის დაცვის თანამშრომელი იყო, დააკავეს. ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების თარიღზე ფსონების დადებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გასულ კვირას ბრიტანეთის აზარტული თამაშების კომისია დაუკავშირდა ლონდონის პოლიციას და მიაწოდა ინფორმაცია, რომ იძიებდნენ ინციდენტს, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი ფიგურირებდა. მათი ინფორმაციით, პოლიციელი ფსონებს დებდა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.
ლონდონის პოლიციამ „ბიბისის“ განუცხადა, რომ საქმე დაუყოვნებლივ გადაეცა შესაბამის ორგანოს, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ამასთან, პოლიციელი ოპერატიული მოვალეობებიდან გაათავისუფლეს.
მიმდინარე კვირას ოფიცერი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.