რიკოთზე მომხდარ ავარიას შსს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
„23 მარტს, საღამოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 150-ე კილომეტრზე, თხევადი გაზის გადამტანი ავტოცისტერნა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
საპატრულო პოლიციამ, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებით გადაადგილება დროებით აკრძალა. გზის გახსნამდე მძღოლები ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის საავტომობილო გზით იმოძრავებენ.
ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით“, – აცხადებენ შსს-ში.