რიკ დემსი - ეცადეთ დეპოლარიზებას და საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს ეხება პრესასაც
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს. რიკ დემსის თქმით, პოლტიკოსებმა უნდა აკეთონ ის საქმე, რაც ხალხს აღელვებს.
„თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარიზებულია, სადაც გარკვეულწილად ეს პირადიცაა. ამიტომ, პირველი გზავნილი, რაც მინდა, გითხრათ, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა, როგორც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის, შეგიძლიათ, პოლიტიკოსებმა დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა, ვცდებოდე. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ, აკეთოთ ის საქმე, რაც ქუჩაში ხალხს აღელვებს, რადგან პოლიტიკა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა. ეს ასევე არის ევროპის საბჭოს ამოცანაც. ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის საქმეა, დაიცვას ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლება, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია, ესაა ჩვენი საქმე. ეცადეთ დეპოლარიზებას და საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს პრესასაც ეხება“, – განაცხადა რიკ დემსმა.
ამასთან, მან მიმოიხილა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა და მას ძალიან წარმატებული უწოდა.
„იმ ხალხთან შეხვედრის ფონზე, ვისაც უკვე შევხვდი, რამდენიმე რამის თქმა მსურს – თქვენს ქვეყანაში წელიწადნახევრის წინ უნდა ჩამოვსულიყავი, ეს აღდგენითი ვიზიტია, რომელიც მანამდე უნდა განმეხორციელებინა, რადგანაც საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა უნდა ეთავა. ეს გასულ წელს იყო. მე ასამბლეის პრეზიდენტი გავხდი და ჩვეულებრივ ერთად უნდა გვემუშავა. ჩვეულებრივ, მე ჩავდივარ იმ ქვეყანაში, რომელიც თავმჯდომარეობას ფლობს, ეს კოვიდის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა. ახლა ვითარება უმჯობესდება, ასევე ვიმედოვნებ, რომ სანიტარული ვითარება თქვენს ქვეყანაში კონტროლს დაექვემდებარება. ეს ვიზიტი ერთი წლის წინ უნდა განმეხორციელებინა. შესაძლოა, უკეთესიც კია, რომ ახლა ვარ აქ, რადგან ვითარება განსხვავებულია. საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, მინდა, ვთქვა, რომ ძალიან წარმატებული იყო. ამას არაფერი აქვს საერთო ოპოზიციასა და უმრავლესობასთან. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რა გამოცდილებაც მივიღე.
საქართველოს თავმდჯომარეობისას ჩვენ საშუალება გვქონდა, თავიდანვე გავმკლავებოდით კოვიდ ვითარებას, ეს ძალიან ეფექტურად გავაკეთეთ ერთად. ასევე, გვქონდა საშუალება, გავმკლავებოდით გარემოს საკითხს. საქართველო, როგორც ქვეყანა, და აქ უმრავლესობა და ოპოზიცია ერთადაა, ეს დღეს შევამოწმე, გარემო არის საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებთან უნდა იყოს დაკავშირებული. საქართველომ დააყენა ეს საკითხი მას შემდეგ, რაც იგივე გააკეთა საბერძნეთმა, გერმანიამ, ახლა უკვე უნგრეთმა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სექტემბრის სესია მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გარემოსა და ადამიანის უფლებები დღის წესრიგში იქნება“, – აღნიშნა რიკ დემსმა.
გარდა ამისა, რიკ დემსმა განმარტა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციას წევრები დაემატება ოპოზიციიდან.
„ამ საკითხიდან გადავალ პრაქტიკულ ნაწილზე, რომელიც განვიხილე. ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სრულად დაკომპლექტებული არ არის. უმრავლესობას თავისი ხალხი ჰყავს. ოპოზიციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისისთვის გვეყოლება ოპოზიციის ოთხი წევრი, რითაც დელეგაცია იქნება სრული, რაც მე, როგორც პრეზიდენტს, საშუალებას მომცემს, საქართველოს საკითხები კარგად გადავწყვიტო“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.