რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში ქალაქ თელავიდან დაიწყო.
საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა თელავის მცხოვრებლებს ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
რეკრუტირების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ რეგისტრაცია ეროვნული გვარდიის მობილურ მანქანაშიც გაიარონ.
უახლოეს მომავალში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მოქალაქეებთან ქალაქ მცხეთაში, ასევე აჭარის, გურიის, სამეგრელოს რეგიონებში გაიმართება.
„ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება ხუთწლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2 700 ლარია. 18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.