რევაზ მეჭურჭლიშვილი - ბათუმის კლინიკაში ძალიან ეფექტურად გამოიყენეს ოზონოთერაპია, ვირუსი ადამიანებს 7-9 დღეში გაუქრათ
გვყავდა პაციენტები, რომლებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც არ გადაედოთ კორონავირუსი, ცოტა რთულად არის გასაგები ეს თავისებურება; დაუდგენელია კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ ავადდება ზოგიერთი ადამიანი და ზოგი კი, არა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის გრძელვადიან გართულებებზეც ძნელია საუბარი, რადგანაც მხოლოდ ოთხი თვეა, რაც პანდემია დაიწყო.
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა, რომ ახლახან აშშ-ის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაადასტურა პლაზმაფერეზის გამოყენება კორონავირუსის დროს.
„ეს იმ შემთხვევაშია, როდესაც აღინიშნება ციტოკინური შტორმი, რაც ნიშნავს ანთების მედიატორების ძალიან დიდ რაოდენობას სისხლში. პლაზმაფერეზის დროს ხდება პლაზმის გამოღება ადამიანისგან, მისი ჩანაცვლება სხვა სითხით ან თუნდაც სხვა ადამიანის პლაზმით. ამ დროს ეს ანთების მედიატორებიც მოჰყვება ამ დაინფიცირებული ადამიანის პლაზმას. შესაბამისად, მცირდება მათი რაოდენობა და ეს არის ამ მეთოდის ძირითადი მიზანი, რასაც მომავალში, სავარაუდოდ, ჩვენთანაც გამოვიყენებთ აქტიურად.
რაც შეეხება ოზონოთერაპიას, ზოგადად, არის მოწოდებული, რომ კარგი თერაპიაა. თუმცა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯერ არ გამოგვიყენებია. ბათუმში მოხდა ამ მეთოდის გამოყენება. როგორც ჩვენი კოლეგები იტყობინებიან ბათუმიდან, ძალიან ეფექტურადაც მოხდა მისი გამოყენება. ერთ ადამიანს შვიდ დღეში გაუქრა ვირუსი და ორ ადამიანს ცხრა დღეში, რაც მინიმალური მაჩვენებელია. ჩვენ, მაგალითად, ცხრა დღეზე უფრო ადრე არ გვქონია არც ერთი შემთხვევა, როდესაც ვირუსი გამქრალა ორგანიზმიდან“, – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.
ამასთან, ექიმმა-ინფექციონისტმა იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, სეზონურობა იმოქმედებს, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში ხდება.