რევაზ ჯაველიძემ გაერო-ს საჯარო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ გაერო-ს საჯარო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, რომლის სახელწოდებაა „მდგრადი საჯარო სამსახური: კარიერული და პროფესიული განვითარება“.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მისასალმებელ სიტყვაში ღონისძიების მონაწილეებს გაერო-ს საჯარო სამსახურის დღე მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია მდგრადი, თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება და მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობს საჯარო მოხელეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
რევაზ ჯაველიძემ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გაერო-ს განვითარების პროგრამას, ევროკავშირსა და პარტნიორებს საქართველოში საჯარო სამსახურის განვითარების პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აგრეთვე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, თეიმურაზ ჩიხრაძემ.
გაერო-ს საჯარო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით და გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, UK aid-ის მხარდაჭერით.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა კარიერული და პროფესიული განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.