რევაზ ჯაველიძე - მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში და რეგიონში, რომელთანაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძალიან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სურვილი და ინტერესი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
„ძალიან მნიშვნელოვან სამიტში, რომელშიც გლობალური ლიდერები და ბიზნესლიდერები იღებენ მონაწილეობას, საქართველო იყო წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება; თავისთავად, იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
მისივე თქმით, საუბარი ასევე იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება ან იგეგმება ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად, საუბარი იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება. იყო საუბარი მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც მმართველობითი კუთხით ხორციელდება, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ძალიან მაღალ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მასშტაბით, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიურ დინამიკას ქმნის და ქმნის შესანიშნავ საფუძველს, რომ ამ რეგიონიდან სხვადასხვა კომპანიამ თავიანთი ინვესტიცია განახორციელონ, რაც, თავისთავად, ჩვენი ეკონომიკური განვითარების საწინდარი იქნება“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.