„ევროპის დღე“ ჩვენი ყოველწლიური ღონისძიებების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, და იკავებს, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული კურსი, ევროკავშირის წევრი გახდეს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ „ევროპის დღეებთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ღონისძიების სტუმრებს „ევროპის დღე“ მიულოცა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს „ევროპის დღეა“. მინდა, ეს დღე მოგილოცოთ. „ევროპის დღე“ ჩვენი ყოველწლიური ღონისძიებების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, და იკავებს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული კურსი, ევროკავშირის წევრი გახდეს. ძალიან მეიმედება, რომ ეს დღე დადგება. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველას გვიფიქრია, არის, რატომ გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი? ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხი შეიძლება გვქონდეს ამ კითხვაზე. მეც მაქვს ასეთი, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთზე, და არა ერთადერთზე, გავამახვილებ ყურადღებას, ერთ-ერთ მნიშვნელოვანზე. ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო კულტურული ურთიერთობების განვითარება. ჩვენ წელს ძალიან გაგვიმართლა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ არაჩვეულებრივი ქვეყნების ასევე არაჩვეულებრივ დასებს. ვფიქრობ, რომ არცერთი ადამიანი, ვინც დღეს აქ მობრძანდით, გულგრილი აქედან არ წახვალთ. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ, მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს. იმედი მაქვს, არაერთხელ გვექნება საზეიმო დღეები და განსაკუთრებით იმედი მაქვს, რომ მალე ვიზეიმებთ კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
ესპანეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მარკოს გრანდოს გომესმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობას ევროპის დღეების კარგი ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი პატივია, როგორც ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მოგესალმოთ ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე. ნება მომეცით, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომელმაც შესანიშნავი ორგანიზება გაუწია ამ ღონისძიებას. ეს დღე ორმაგად აღინიშნება. ერთი, როგორც ევროპის დღე და მეორე, როგორც ესპანეთისა დს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე”, – განაცხადა ესპანეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.
„ევროპის დღეები”, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ორბელიანის მოედანზე 6 და 7 მაისს აღინიშნება.
„ევროპის დღეების“ ფარგლებში 6 მაისს „ესპანური დღე“ გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდათ. მოეწყო ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე.
„ესპანურ დღეზე“ მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლოთ ესპანური სამზარეულოს დაგემოვნება. „ესპანური დღეები“ ცნობილი ესპანელი მოცეკვავის, ანტონიო გადესის დასის თეატრალური წარმოდგენით დასრულდა.
დღეს ევროპული დღეების ფარგლებში შვედური დღე გაიმართება. შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა შვედი შეფის, გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. გუსტავ ლეონჰარდთან ერთად, მოსულ სტუმრებს მასტერ-შეფის გამარჯვებული რუსო დაუშვილი უმასპინძლებს, რომელიც მსურველებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდება. შვედური დღის ფარგლებში მოეწყობა ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედურ დღეს შვედური ჯგუფის, „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტები დაასრულებს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.