რევაზ არველაძე - თუ არ მომეცემა პარლამენტში შესვლის საშუალება, წავალ და ლექციებს წავიკითხავ
რევაზ არველაძე - თუ არ მომეცემა პარლამენტში შესვლის საშუალება, წავალ და ლექციებს წავიკითხავ

პარლამენტში შესვლის საშუალება როცა მექნება, რა თქმა უნდა, მივალ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.

არველაძე საკანონმდებლო ორგანოში აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.

არველაძის თქმით, თუკი პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცემა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს.

„როცა იქნება პარლამენტში შესვლის საშუალება, რა თქმა უნდა, მივალ. თუ არ მომეცემა პარლამენტში შესვლის საშუალება, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გახლავართ, წავალ და წავიკითხავ ლექციებს“, – განაცხადა რევაზ არველაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.

რევაზ არველაძე ამ დროისათვის ტერიტორიას უკვე ტოვებს.

აქციის მონაწილეებმა რევაზ არველაძეს მოუწოდეს, დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. ასევე, მოსთხოვეს პასუხი, რატომ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრაზე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეების მიერ პიკეტირებულია.