რევაზ არველაძე - პარლამენტში მინდოდა შესვლა და დაკეტილი დამხვდა, რომ წამოვედი, შეძახილებით გამომყვნენ, ზურგში რამდენიმეჯერ მუშტი მომარტყეს
რევაზ არველაძე - პარლამენტში მინდოდა შესვლა და დაკეტილი დამხვდა, რომ წამოვედი, შეძახილებით გამომყვნენ, ზურგში რამდენიმეჯერ მუშტი მომარტყეს

პარლამენტიდან რომ წამოვედი, აქციის მონაწილეები შეძახილებით გამომყვნენ, ზურგში რამდენიმეჯერ მუშტიც მომარტყეს, – ამის შესახებ დეპუტატმა, რევაზ არველაძემ განაცხადა, რომელსაც დღეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

მისი თქმით, პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ორგანოსთვის მუშაობაში ხელის შეშლას წარმოადგენს.

„პარლამენტში მინდოდა შესვლა და დაკეტილი დამხვდა, რომ წამოვედი შეძახილებით გამომყვნენ, „მოღალატეები” და რას აღარ იძახდნენ, უკნიდან ზურგში რამდენიმეჯერ მუშტი მომარტყეს. ისეთი არა, რომ ძალიან მტკივნეული ყოფილიყო. ვინ რა ოჯახშია გაზრდილი, ეს ფაქტი ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

რევაზ არველაძის თქმით, ის ფიქრობდა, რომ როგორც სხვა დროს, სამართალდამცავი ორგანოები მოახერხებდნენ, დეპუტატები პარლამენტში შესულიყვნენ, თუმცა მისივე თქმით, ადგილზე არც ერთი პოლიციელი არ იყო.

„ოპოზიცია გუშინ ამბობდა, რომ დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებდნენ, მაგრამ ვფიქრობდი, სამართალდამცავი ორგანოებიც იქნებოდნენ და როგორც სხვა დროს, მოახერხებდნენ შევსულიყავით და ჩვენი საქმე გაგვეკეთებინა. პიკეტირება არის სახელმწიფო ორგანოსთვის მუშაობაში ხელის შეშლა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. სიმართლე გითხრათ, იქ არც ერთი პოლიციელი არ იყო. ამიტომ მოხდა ასეთი რაღაც. წამოვედი, ხელს ხომ არ შევუბრუნებდი. 15:00 საათზე მისვლას არ ვაპირებ. ბიუროს წევრი არ ვარ“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.

პარლამენტის შესასვლელები ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. 15:00 საათზე დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა არის ჩანიშნული.