Reuters - სირიაში ავიადარტყმის შედეგად, კრემლთან დაკავშირებული სამხედრო კომპანიის 100-მდე კონტრაქტორი დაიღუპა
სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის მიერ გასულ კვირას განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად, კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანიის დაახლოებით 300 კონტრაქტორი დაიღუპა ან დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო რუს სამხედრო ექიმზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილია 100 ადამიანი. რამდენიმე მებრძოლთან დაკავშირებულმა პირმა კი, Reuters-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 80-ს აღემატება.
სააგენტო Reuters-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულები ევაკუირებულნი არიან, ისინი მკურნლობას რუსეთის ოთხ სამხედრო ჰოსპიტალში გადიან. ერთ-ერთი სამხედრო ექიმის მონაცემებით, ავიადარტყმის დროს მოკლულია დაახლოებით 100 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი, 200-ს აღწევს. მედიკოსის ინფორმაციით, მსხვერპლთა უმრავლესობა რუსი სამხედრო კონტარქტორები არიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ კოალიცის ავიადარტყმის შედეგად სავარაუდოდ დაიღუპა რუსეთის ხუთი მოქალაქე. ამასთან, უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ არც ერთი მათგანი სამხედრო არ ყოფილა. მისი თქმით, ათობით და ასობით გარდაცვლილი რუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მტრების შთაგონებული კლასიკური დეზინფორმაციაა.
ავიადარტყმის დრო ემთხვევა 7 თებერვალს სირიის დეირ-ეზ-ზორის რაიონში განვითარებულ მოვლენებს, სადაც საერთაშორისო კოალიციამ სირიის სამთავრობო ძალებზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.
Reuters-ის შფასებით, ეს 2014 წლის შემდეგ, რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგია. 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური საბრძოლო მოქმედების დროს 100-მდე რუსი დაიღუპა. მოსკოვს, რომელიც დონბასში სამხედროებისა და მოხალისეების გაგზავნას უარყოფს, აღნიშნული დანაკარგი არ დაუდასტურებია.