Reuters - სირია ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შემუშავებას განაგრძობს
სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შემუშავებას განაგრძობს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მორიგი ქიმიური თავდასხმების აღსაკვეთად სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზად არის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსეთ-ამერიკის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც დამასკოს 2014 წლის ზაფხულისთვის მარაგის მთლიანად განადგურებას ავალდებულებდა, პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღის მარაგის ნაწილი არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ მის შემუშავებასაც განაგრძობს.
2018 წლის იანვარში, ოპოზიციონერი ძალების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ გუტაში, ქიმიური იარაღის გამოყენების, სავარაუდოდ, კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. უფლებადამცველი ორგანიზაციები პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს აკისრებენ.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, თუ საერთაშორისო საზოგადოება სირიის ხელისუფლებაზე ზეწოლას ვერ შეძლებს, არსებობს ალბათობა, რომ ქიმიური იარაღი სირიის ფარგლებს გასცდეს და „ამერიკის საზღვრებსაც მიაღწიოს“.
„ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ სამხედრო ძალა, რათა აღვკვეთოთ ქიმიური იარაღის გამოყენება“ – აცხადებს Reuters-ის კიდევ ერთი ანონიმური წყარო.
ასადის სამთავრობო ძალები ხან-შეიხუნის დასახლებაში მომწამლავი ნივთიერება ზარინის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
2017 წლის 4 აპრილს ქიმიურ თავდასხმას 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 30 ბავშვის. 550 -ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.