Reuters - აშშ-ის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანის" დიალოგი პოზიტიურად წარიმართა
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებსა და მოძრაობა „თალიბანის” წევრებს შორის გამართული დიალოგის დროს „პოზიტიური გზავნილები ისმოდა” და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ელის ველსის და „თალიბანის” წარმომადგენელთა მონაწილეობით დოჰაში გამართული შეხვედრის შესახებ პირველად The Wall Street Journal-მა დაწერა, თუმცა ოფიციალურად ასეთი დიალოგი არ დაუდასტურებიათ.
მოძრაობა „თალიბანის” ერთ-ერთი წევრის განცხადებით, დოჰას სასტუმროში გამართულ შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემა ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტიდსშესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა იყო, „ძალიან პოზიტიური გზავნილები ისმოდა”.
„ამ შეხვედრებს შეგიძლიათ თამამად უწოდოთ სამშვიდობო დიალოგი. მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შევთანხმდით. ჩვენი მიზანი ავღანეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დიალოგით მოგვარებაა”, – აცხადებენ „თალიბანში“.
მათივე განცხადებით, დოჰაში შეხვედრას ავღანეთის მთავრობის წევრები არ დასწრებიან. Reuters-ის წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების დროს განხილვის თემებს შორის იყო ავღანეთის ორ პროვინციაში “თალიბანის” წევრთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. ასევე , რომ “თალიბანის” წევრების ავღანეთის ხელისუფლებაში ჰყავდეთ წარმოდგენილები.
“თალიბსნის” ერთ-ერთი მოთხოვნა ტყვეების გაცვლაც იყო.
როგორც Reuters-ი ამტკიცებს, აშშ-ის მთავრობის წევრებისა და მოძრაობა “თალიბანის” წევრების შეხვედრა ივნისის თვეში ორჯერ გაიმართა. სააგენტოს კიდევ ერთი წყარო ამტკიცებს, რომ ვაშინგტონმა მოსთხოვა “თალიბანს”, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აგვისტოდან ძალაში შევიდეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დოჰაში ვიზიტი დაადასტურა, თუმცა “თალიბანის” წევრებთან შეხვედრა უარყო. მაიკ პომპეოს უწყებაში განაცხადეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხარს დაუჭერენ, თუმცა დიალოგი ავღანეთის მთავრობამ უნდა წარმართოს.