რესპუბლიკური საავადმყოფოში მარნეულიდან შეყვანილი პაციენტის პასუხი კორონავირუსზე დღეს იქნება ცნობილი
რესპუბლიკური საავადმყოფოს დიერქტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მარნეულიდან გუშინ მათთან გადაყვანილი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, პაციენტის პასუხებს კორონავირუსზე დღეს ელოდებიან.
„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 34 პაციენტი, აქედან ერთი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ეს პაციენტი გუშინ გადმოვიყვანეთ მარნეულიდან სასწრაფო დახმარების მანქანით, არ არის დიაგნოსტირებული ჯერჯერობით და „ა“ და „ბ“ ვირუსებზე გაკეთდა ჩვენთან სწრაფი ტესტი და უარყოფითია. რაც შეეხება კორონავირუსს, ამის ტესტი არ გაგვიკეთებია, ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც აიღებს ამ ნაცხებს და გვექნება პასუხი ალბათ ამ საღამოს. მანამდე პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, ამჟამად იმყოფება რეანიმაციის ბლოკში, მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი პნევმონია, უტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული მამაკაცი არის 80 წლის.
„არის მამაკაცი, 80 წელზე მეტის. რამდენიმე დღე იმყოფებოდა სახლში და ჰქონდა ცხელება და აკვირდებოდნენ ბინაზე მისი ახლობლები. არ იყო თვითიზოლაციაში, უბრალოდ ავად იყო. იყო სახლში და სანამ სუნთქვის უკმარისობა არ გამოჩნდა, როგორც სიმპტომი, მანამდე არ მიმართეს ექიმს. რაც ძალიან ცუდია. ჩვენ, რაც შეგვეძლო, ეპიდანამნეზი შევაგროვეთ, როდესაც შემოვიდა პაციენტი, სრულიად კონტაქტური იყო და ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა. ეპიდანამნეზით ასეთი რამ, რომ კონტაქტში იყო იმ შემთხვევასთან (მარნეულის მკვიდრ ქალთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და რომელიც მძიმედაა) არ გვაქვს. თუმცა, მაინც საყურადღებოა და ჩვენ ბოქსირებულ პალატაში მოვათავსეთ ეს პაციენტი. ეს არის ასაკოვანი ადამიანი, რომელიც ძირითადად სახლში იმყოფებოდა, ჰქონდა ოჯახის წევრებთან კონტაქტი. ბუნებრივია მისი ოჯახის წევრებს სპეციალური თვითიზოლაციის პირობებში მოუწევთ ყოფნა. ამის გარდა, კიდევ ოთხი ადამიანს გაუკეთდება კვლევა „კოვიდ-19“-ის ინფიცირებაზე, რაც შეეხება გუშინდელ პასუხს, მე გითხარით, რომ შვიდ პაციენტს გაუკეთდა და შვიდივე ნეგატიური მივიღეთ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, როგორც კი სწრაფი ტესტირება დაიწყება, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება ცენტრალური მიმღები ყველა იმ ადამიანის, რომელსაც თბილისის მასშტაბით ექნება გამოვლენილი კლინიკური ნიშნები.