რესპუბლიკური საავადმყოფოს გუშინ გამოკვლეული დაახლოებით 80 თანამშრომლიდან კორონავირუსი სამს დაუდასტურდა
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დაახლოებით 80 თანამშრომელი გამოიკვლიეს.
კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსი მედპერსონალის კიდევ სამ წარმომადგენელს დაუდასტურდა.
სულ კი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხრა თანამშრომელია ინფიცირებული.
„ცხრავეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომაროებაშია. გვყავს ასევე ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული. თითქმის დავამთავრეთ სტაფის გატესტვა, მთელი ჩვენი გუნდის, მედპერსონალისაც, ადმინისტრაციული ნაწილის და, საბედნიეროდ, გუშინ თითქმის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ მედპერსონალის და იქიდან მხოლოდ სამი დადასტურდა, დანარჩენი ყველა უარყოფითია“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.
რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, გოფოძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხს იკვლევს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ინფექცია კლინიკაში გარედან შეტანილია.
„კარგი არც ერთია და არც მეორე, მაგრამ ჩვენ ისე გავიარეთ სამთვენახევარი და გავატარეთ 108 პაციენტი, რომ არც ერთი შემთხვევა მედპერსონალის დაინფიცირების არ გვქონია. აღჭურვილობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, არსებობს სპეციალური წესები, რომლებიც გაიდლაინშია გაწერილი და ყველა მედ-პერსონალი იცავს ამ წესებს. ძალიან გავამკაცრეთ ზომები, რადგან ვფიქრობდით, ხომ არ მოხდა ისე, რომ რადგან ბოლოში გავედით და სულ სამი პაციენტი გვყავდა დარჩენილი, ცოტა ხომ არ მოეშვა პერსონალი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისეთი წესის დარღვევა, რასაც შესაძლოა შიგნით აფეთქება გამოეწვია, არ ყოფილა“,- აღნიშნა გოფოძემ.
ამასთან, ლევან გოფოძის თქმით, ინფიცირებულ მედპერსონალთან კავშირში მყოფი თითქმის ყველა კონტატი მოძიებულია, ნაწილი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, სადაც „პისიარ“ ტესტირება უტარდებათ.
გოფოძის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ დაახლოებით 20 პირს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 864 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 703-ს შეადგენს.