რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა, დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა და ტუბერკულოზის და ფილტვის ცენტრში გააგრძელებს მუშაობას. მისივე ინფორმაციით, გენერალური დირექტორის მოვალეობას შეასრულებს თეა თავართქილაძე, რომელსაც ამ დრომდე კლინიკური მენეჯერის პოზიცია ეკავა.
„შეხვედრა გაიმართა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებების ყველა ხელმძღვანელთან, ასევე მენეჯმენტთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კლინიკის ახალი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენა, რომელიც წლებია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს და ამ ეტაპზე ასრულებდა კლინიკური მენეჯერის მოვალეობას. თქვენ იცით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, ბატონი ზაზა ავალიანი გააგრძელებს მუშაობას ტუბერკულოზის და ფილტვის ცენტრში, სადაც იგი წლებია, მუშაობს და დროებით იყო მივლინებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის დაუბრუნდება ტუბერკულოზის ცენტრს, ხოლო კლინიკური მენეჯერი, რომელიც ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას.
გარდა ამისა, სამინისტრომ შექმნა სამინისტროს თანამშრომლების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც შემდეგი რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნებიან. იმ ინიციატივას და კონცეფციას, რომელიც გუშინ მინისტრმა წარუდგინა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ხელმძღვანელ პირებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ეს ჯგუფი ბოლომდე ჩაშლის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის, რათა ის ინიციატივა, რაც სამინისტროს მხრიდან წამოვიდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის იყოს გასაგები და ბოლომდე მივიტანოთ ინფორმაცია“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.