რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თავად ავთანდილ იმედაძემ დაუდასტურა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს უკვე ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მეილით შეიტყო და მას ამ დრომდე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაკავშირებიან.
იმედაძის თქმით, მისთვის უცნობია, რა მიზეზით დაატოვებინეს თანამდებობა, თუმცა დაზუსტებით ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება რაიმე სახის ფინანსურ დარღვევებს.
„პარასკევს მივიღე მეილი „კლინიკების განვითარების კომპანიისგან“, სადაც მიზეზები მითითებული არ არის, მაგრამ საუბარი, თითქოს ჩემი გათავისუფლება უკავშირდება ფინანსურ დარღვევებს, სიცრუეა. ვინც მიცნობს იცის, რომ ეს გამორიცხულია, ასეთ რამეს ვერ დამაბრალებენ. ამ დრომდე არავინ დამკავშირებია და არ აუხსნიათ ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.
იმედაძის თქმით, ის კლინიკაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და მენეჯმენტში ცვლილებების განხორციელებას გეგმავდა. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ დაჩქარდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.
„ვფიქრობ, უბრალოდ დამასწრეს, იცოდნენ რომ ორშაბათს უნდა მოვსულიყავი და გადამედგა რადიკალური ნაბიჯები. რადიკალურ ნაბიჯებში ვგულისხმობ მენეჯმენტში ცვლილებებს და ბევრ იმ ნაბიჯს, რომელიც სასიკეთოდ წაადგებოდა ჩვენს კლინიკას. პარასკევს ამის გამო დაჩქარდა ჩემი გათავისუფლება.
ყოველ შემთხვევაში, ვაგრძელებ ჩემს საქმეს. ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, ერთ-ერთ კლინიკაში დირექტორადაც ვარ მიწვეული, ალბათ ჩემს ქირურგიულ მოღვაწეობასაც გავაგრძელებ”,- განაცხადა იმედაძემ.
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკას (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) დღეს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია, „კლინიკების განვითარების კომპანია“ მართავს.
„საპარტნიორო ფონდში“ პირველ არხს განუცხადეს, რომ ავთანდილ იმედაძის გათავისუფლების მიზეზებს ხვალ განმარტავენ.