რესპუბლიკური საავადმყოფოს 23 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, 22-ის შემთხვევაში კი უარყოფითი პასუხი მიიღეს.
კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ახალი პაციენტი ასაკოვანი მამაკაცია, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
მისი მდგომარეობა მძიმეა, აქვს ორმხრივი პნევმონია და შაქრიანი დიაბეტი, თუმცა გოფოძის თქმით, ამ ეტაპზე მამაკაცს ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ სჭირდება.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, ახალი პაციენტის ანამნეზი ცნობილია და ის მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემას არ უკავშირდება.
კლინიკაში კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„ამჟამად, ჩვენთან კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 63 პაციენტია. მათგან სამი
არის დადასტურებული კოვიდინფექციით. აქედან, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენ ორთან მიმართებაში, რადგან ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ აქვს ორმხრივი პნევმონია, აქვს თანმხლები დაავადებაც შაქრიანი დიაბეტის სახით, რაც ასეთ სიტუაციაში ექიმებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დანარჩენი ორის მდგომარეობა ამ ერთ პაციენტთან შედარებით, უკეთესია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ სამივე მათგანს აღენიშნება პნევმონია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც ერთ მათგანს ჯერჯერობით აპარატურული სუნთქვა არ ესაჭიროება. ისინი იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, უტარდებათ მკურნალობა პროტოკოლის შესაბამისად და ვნახოთ, თუ საჭირო გახდა მართვითი სუნთქვის გამოყენება, გამოვიყენებთ, რადგან, სამწუხაროდ, კოვიდინფექციის დროს პნევმონია არაპროგნოზირებადად ვითარდება. შესაძლებელია, რენდგენოლოგიურად მძიმედ არ გამოიხატებოდეს, მაგრამ კლინიკური სიმპტომები ძალიან სწრაფად განვითარდეს. ამ სამივე პაციენტთან, ეპიდანამნეზი ცნობილია და არც ერთი არ არის მეოთხეული გადაცემის ტიპი“ , – განაცხადა გოფოძემ.
ამასთან, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში 25 ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელთგან ორის პასუხი კორონავირუსზე საეჭვოა.
„გარდა ამისა, გვყავს ორი პაციენტი საეჭვო კორონავირუსზე, რომლებიდანაც ერთმა, თუ აქვს კორონა, არ იცის საიდან შეიძლებოდა დამართნოდა. დღეს ტესტირება უტარდებათ და ვნახოთ. ეპიდანამნეზი აქვთ ისეთი, რომ შესაძლებელია, მათთაც დაუდასტურდეთ კორონავირუსის არსებობა, თუმცა ვიდრე არ გვექნება
დადასტურებული ანალიზი, ვერ ვიტყვით ვერაფერს. ხვალ გვეცოდინება პასუხი. ჯამურად ველით 25 პაციენტის პასუხს“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.
კლინიკაში არაინფიცირებული პაციენტებიც მკურნალობენ, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 230-ს შეადგენს, აქედან 54 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.