რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა მდგომარეობა მართვას ექვემდებარება.
„რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ კოვიდიან პაციენტს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ორმხრივი პნევმონია, მაგრამ არ გართულებულა მდგომარეობა. ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა მართვით სუნთქვას არ საჭიროებს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
ამასთან, გოფოძის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული ორი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
აღნიშნული პაციენტები კორონავირუსით ინფიცირებულნი არ არიან.
„გარდა ამისა, გვყავს კიდევ ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელთა მდგომაროება თანდათან უმჯობესდება, რაც ძალიან გვახარებს. ორივეს აღენიშნება ორმხრივი მძიმე პნევმონია, თანმხლები დაავადებების ფონზე განვითარებული, რამაც შემდგომში გამოიწვია სეპტიური შოკის განვითარება მთელი თავისი გართულებებით. ანუ, ესენი არიან სერიოზული პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც ბევრად მძიმეა, ვიდრე კოვიდინფიცირებული ჩვენთან მყოფი პაციენტის. ისინი ბევრად მეტ დახმარებას საჭიროებენ. არც ერთ მათგანს არ აქვს კოვიდინფექცია დადასტურებული, თუმცა ის ბაქტერიული პნევმონია, რომელიც ფიქსირდება, ორივეს შემთხვევაში არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე“, – დასძინა ლევან გოფოძემ.