რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ექიმთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს [ვიდეო]

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ექიმთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

კლინიკაში დასაქმებული მედიკოსები კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და უწყებას უნდობლობას უცხადებენ.

„პირველ ყოვლისა, ჩვენი მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. ეს არის ხალხი, რომელიც მრავალი წელია, ერთად მუშაობს და ამ მრავალწლიან გამოცდილებას ემატება ახალგაზრდების ის ტალღა, რომელიც თანდათან შემოდის. მედიცინა ასე ვითარდება, გამოცდილებას დამატებული ახალგაზრდობა, რომელიც მედიცინის განვითარების სწორი გზაა. კომპენსაცია შეიძლება, ისეთი შესთავაზო ადამიანს, რომ საერთოდ უარი თქვას საკუთარ პროფესიაზე, მაგრამ ამაზე ხომ არ არის საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გადავარჩინოთ ქართული მედიცინის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა მომავალ თაობებს ჰქონდეთ საშუალება, განათლება მიიღონ“, – განაცხადა ექიმმა ლევან გოფოძემ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად გუშინ დაიწყო.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა შეთავაზებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.