რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული შუა ხნის ქალის მდგომარეობა სტაბილურია
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 50 პაციენტი წევს.
მისივე თქმით, აქედან ექვსი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს.
„ოთხი პაციენტი კარანტინის ზინაში გადადის და ხუთი პაციენტი ბინაზე ეწერება. სტაციონარში ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებდლია. კოვიდ დადებითი პაციენტის მდგომარეობაც არის დამაკმაყოფილებელი, საყურადღებო“ , – აღნიშნა თეა თავართქილაძემ.
თეა თავართქილაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი 50 წლამდე ასაკის ქალია.
„უკვე დადასტურებულ კლასტერს მიეკუთვნება. ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ კლასტერს. ახალი კლასტერიდან არ არის. თანდართული დაავადებები ამ ქალბატონს არ აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილური და საყურადღებოა“ , – დასძინა თეა თავართქილაძემ.
რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობას, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თეა თავართქილაძე ამბობს, რომ ოთხი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ ფასდება.
„რეანიმაციული ექვსი პაციენტიდან ოთხი უკიდურესად მძიმეა. ორთან არის სეპტიური შოკი, ორთან მძიმე სუნთქვის უკმარისობა, პნევმონიაა და დისტრესია, მაგრამ მათგან კოვიდ დადებითი არც ერთი არ არის“ , – განმარტა თეა თავართქილაძემ.
თეა თავართქილაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე ტესტი დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდება.