რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტი დღეს 25 პაციენტს ჩაუტარდება, მათ შორის ხუთი ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომელია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტი დღეს 25 პაციენტს ჩაუტარდება, მათ შორის ხუთი ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომელია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 59 პაციენტი იმყოფება, მათ შორის სამი კორონავირუსით ინფიცირებულია.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, ინიფიცრებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რეანიმაციაში კვლავ რჩება სამი პაციენტი.

„მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთ-ერთ პაციენტთან კი საშუალო სიმძიმეზე უფრო მეტად გამოხატულია, აქ არის ორმხრივი ფილტვების ანთება, პნევმონია. ანუ, არაფერი შეცვლილა, იგივე პრობლემაა“, – აცხადებენ კლინიკაში.

ამასთან, კლინიკაში განმარტეს, რომ დღეს კორონავირუსზე ტესტი კიდევ 25 პაციენტს ჩაუტარდება, მათ შორის ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომლებიც არიან.

„მათი რაოდენობა არის ხუთი, აქ ექიმიც არის, ექთანიც. ასე რომ, დღეს გავტესტავთ და შემდეგ გვეცოდინება პასუხი. ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, არ არიან რთული პაციენტები. უბრალოდ, სამთან არის მაღალი ტემპერატურა. დანარჩენ ყველასთან დადასტურებულია ფილტვების ორმხრივი ანთება“ , – განაცხადეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.