ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა მდგომარეობა რთული არ არის
ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა მდგომარეობა რთული არ არის

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში სულ 47 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, ძირითადი ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს, გოფოძის განმარტებით, ის 60 წელს გადაცილებული ასაკისაა და საქართველოში ამერიკიდან ჩამოვიდა.

გოფოძე ამბობს, რომ მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ლევან გოფოძის ინფორმაციით, მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა ამჟამად მდგომარეობა რთულად ამჟამად მაინც არ ფასდება.

ლევან გოფოძის თქმით, პაციენტს საღამოს უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

„გუშინ დიაგნოსტირებულ იქნა პირველი კოვიდინფექცია, ეს გახლავთ მამაკაცი, 60 წელზე ზემოთ, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან და ჩამოსვლისთანავე იყო თვითიზოლაციაში. შემდეგ წამოვიდა ტემპერატურა და ამის გამო მომართა კლინიკას, 2-3 დღე იყო სახლში. ქრონიკული დაავადებები არ აქვს, ჯანმრთელი პიროვნებაა. ნიუ იორკიდან ჩამოვიდა თურქეთის გავლით. 22-ში შემოვიდა საქართველოში, 24-ში უკვე მომართა ჩვენს კლინიკას.

პაციენტის მგომარეობა ამჟამად არ არის რთული, აქვს ორმხრივი პნევმონია, თუმცაღა სუნთქვის კომპონენტი გაუარესებული არ არის, ოქსიგენაციის მინიმალურ დოზებზეც კი ჟანგბადით გაჯერება სისხლის ძალიან ნორმალურია, ამიტომ პაციენტი არც მართვით სუნთქვაზეა, მაგრამ არის ბოქსირებულ რეანიმაციულ პალატაში. გვეყოლება საღამოს დაახლოებით  5-6 საათამდე  და შემდგომში პაციენტს გადაიყვანენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მოგეხსენებათ, რესპუბლიკური საავადმყოფო მზადდება იმისათვის, რომ იყოს ცენტრალური სატრიაჟო საავადმყოფო, სადაც ყველა პაციენტი გაივლის, ამიტომაც, ჩვენი ვალია პაციენტები მივიღოთ, დავაკვალიანოთ, გავტესტოთ და საჭიროების შემთხვევაში, გავაგზავნოთ სხვადასხვა ჰოსპიტალში.

კონტაქტებს ჩვენ არ ვიკვლევთ. ჩვენ შემთხვევას ვუგზავნით დაავადებათა კონტროლის ცენტრს და უკვე მათი რეკომენდაციით ხდება კონტაქტების კვლევა. ჩვენთან ხდება მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანით შემოყვანილი პაციეტების მიღება, ჩვენ არ ვიღებთ თვითდინებით მოსულ პაციენტებს, რადგან ასეთ შემთხვევაში მოხდება ძალიან დიდი ნაკადების მომართვა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე და ვეღარ შევასრულებთ იმ ფუნქციას, რაც გვაკისრია“ .- განაცხადა ლევან გოფოძემ.

ლევან გოფოძე ამბობს, რომ ამ დროისთვის  16-დან 20-მდე პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

„თუ ვის გატესტავენ ჩვენების მიხედვით, ამას წყვეტს ეპიდემიოლოგიური სამსახური და ლუგარის ლაბორატორია“ ,- დასძინა ლევან გოფოძემ.