რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ყველა მათგანის ეპიდანამნეზი ცნობილია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ყველა მათგანის ეპიდანამნეზი ცნობილია

რესპუბლიკურ საავდმყოფოში ამ დროისთვის 59 პაციენტი იმყოფება, მათგან 21 პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიამციის განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, გუშინ ტესტირების შედეგად კორონავირუსი ცხრა პაციენტს დაუდასტურდა.

ამჟამად კლინიკაში 11 ინფიცირებული მკურნალობს, ერთი კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცხრა ახალი პაციენტი ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულ 296 შემთხვევაში შედის.

„ამ წუთისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 59 პაციენტია, მათგან 21 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. მოგეხსენებათ, რომ გუშინ ტესტირების შედეგად ჩვენს მიერ გამოვლენილ იქნა კიდევ ცხრა პაციენტი, რომლებსაც დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია და ყველა მათგანი მოთავსდა რენიმაციულ განყოფილებაში. გარდა ამისა, რეანიმაციულ განყოფილებაში მანამდე სამი პაციენტი იმყოფებოდა და სულ 12 პაციენტი გვყავდა, მაგრამ გუშინ ერთი პაციენტის გადაყვანა მოხდა ინფექციურ საავადმყოფოში, რადგან მისი ოჯახის წევრები იქ არიან და ბუნებრივია, რომ ნორმალური იყო, ეს პაციენტიც იქ გადავიდა“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.

გოფოძის განმარტებით, მათ კლინიკაში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტს, რომელიც ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, მართვითი სუნთქვის აპარატი არ ესაჭიროება.

„არ აქვს მძიმე სუნთქვის მოშლა, თუმცა მათ უმეტესობას აქვს დადგენილი პნევმონია. თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმებზე და მედდებზე პასუხები მიღებულია. ჩვენ კიდევ არაერთხელ შევთანხმდით, რომ ასეთ დაწვრილებით ინფორმაციას კონკრეტულ ადამიანებზე ვერ გავცემთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ 9 დადებითიდან, რომელიც არის ჩვენთან მოთავსებული, ცხრავეს ეპიდანამნეზი ცნობილია, მიეკუთვნებიან სხვადასხვა კლასტერებს. ჩვენდა საბედნიეროდ, ვიცით ყველა, ვინ საიდან მოვიდა. ცხრიდან არის ზოგი საზღვარგარეთიდან შემოსული, რომელიც კარანტინში იყო და იმას დაუდასტურდა. გვყავს პაციენტი, რომელიც ვთქვათ უცხო ქვეყანაში იყო გატესტილი, ნეგატიური ტესტით შემოვიდა ჩვენთან, მაგრამ ცხელება გრძელდება. იქ სწრაფი ტესტი გაკეთდა, უცხო ქვეყანაში ნეგატიური იყო პასუხი, მაგრამ როდესაც ჩვენთან პისიარ ტესტი გაკეთდა, აღმოჩნდა, რომ კოვიდ ინფექციაა. ამ წუთას გვიწევს 11 ინფიცირებული“ , – განაცხადა გოფოძემ.